ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულება და თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე გაიყვანოს, - ნათქვამია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, აშშ-ის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეერთებული შტატების დელეგაციის განცხადებაში ასევე წერია, რომ რუსეთი საქართველოში კონფლიქტის ერთადერთი მხარეა, რომელსაც სამხედრო ძალები სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჰყავს განთავსებული, რაც აშკარად არღვევს გაეროს წესდებას, ჰელსინკის აქტსა და რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას.
"ამ დარღვევებს მოჰყვა საქართველოს მოქალაქის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საკუთარი ქვეყნის შიგნით მოგზაურობის გამო. ვუსამძიმრებთ თამაზ გინტურის ოჯახს და ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი", - წერია განცხადებაში.
ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას ავრცელებს რუსეთის საგარეო უწყებაც. რუსულმა მხარემ კვლავ მოითხოვა სწრაფად დაიწყოს სამუშაოები შეთანხმების დადებაზე, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ.