რუსეთის თქმით, რუსეთ-უკრაინის მემორანდუმს ხელი უკრაინის ახალმა მთავრობამ უნდა მოაწეროს

რუსეთის თქმით, რუსეთ-უკრაინის მემორანდუმს ხელი უკრაინის ახალმა მთავრობამ უნდა მოაწეროს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, მაქსიმ მუსიხინმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის მემორანდუმს, რომელიც ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა განიხილეს, ხელი უკრაინის ახალმა მთავრობამ უნდა მოაწეროს.

"მნიშვნელოვანია ვისი ხელმოწერა იქნება [დოკუმენტებზე], რადგან ახლა მათმა ამჟამინდელმა "ლიდერმა" დიდი ხანია დაკარგა შიდა ლეგიტიმაციაც კი, გარედან რომ აღარაფერი ვთქვათ. შესაბამისად, შეიძლება იყოს პრობლემები ნებისმიერი ხელშეკრულების მოქმედების კუთხით, რომელსაც ასეთი ადამიანი მოაწერს ხელს", - ამბობს ის.

მისი თქმით, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, დარწმუნდეს, რომ უკრაინის მხრიდან დოკუმენტს ხელს მოაწერს "ადამიანი, რომელსაც აქვს ხალხის მანდატი", "თორემ პრობლემები იქნება".

"ზელენსკი არ არის შესაფერისი ხელმომწერის როლისთვის. უკრაინელმა ხალხმა თავისუფლად უნდა აირჩიოს ახალი ლიდერი", - თქვა მან.

20 მაისს პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა "დაუყოვნებლივ" დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების მიზნით.

პუტინის თქმით კი, მოსკოვი მზად არის მუშაობა დაიწყოს "მომავალი სამშვიდობო შეთანხმების მემორანდუმზე", ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს მომენტი "გადამწყვეტად" შეაფასა და აშშ-ს მოუწოდა, მოლაპარაკებებს არ ჩამოშორდეს.