
რუსული სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია TASS რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ დიდი ბრიტანეთი აძლიერებს ძალისხმევას "საქართველოში მმართველი პარტიის - ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად".
დაზვერვა ირწმუნება, რომ "ბრიტანელები აპირებენ, "ძირგამომთხრელი კრეატიულობით დამუხტულ" ორგანიზაციებს უბიძგონ ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანება, რათა მოხდეს კონსოლიდაცია".
დაზვერვა ირწმუნება, რომ ლონდონის გათვლით, ამან უნდა "შეანჯღრიოს" სისტემური პოლიტიკური ოპოზიცია, გაუხსნას მას "მეორე სუნთქვა", რათა "მობილიზდეს მმართველი [პარტია] ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ბრძოლის ახალი რაუნდის დასაწყებად".
TASS ოკუპანტი ქვეყნის დაზვერვაში "შესულ ინფორმაციაზე" დაყრდნობით წერს, რომ დასავლეთში "აღიზიანებთ საქართველოს სურვილი, გათავისუფლდეს იბერალურ-გლობალისტური ძალების ობსესიური მეურვეობისგან, რომელთა ღირებულებებიც ქართველი ხალხისთვის უცხოა".
"განსაკუთრებით აღიზიანებს დასავლეთს ის, რომ თბილისი - ცოტა ხნის წინ, [საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის] მიხეილ სააკაშვილის დროს, ამიერკავკასიაში "დემოკრატიის ლოკომოტივი" = სულ უფრო მეტად იხრება "ავტორიტარული გზისკენ", ეროვნული ინტერესების წინ დაყენებით. "საქართველოსთვის ბრძოლას" ბრიტანელები ხელმძღვანელობდნენ", - ვკითხულობთ ტექსტში.
ასევე, დაზვერვაში ირწმუნებიან, რომ ლონდონი გეგმავს, მნიშვნელოვნად გაზარდოს დაფინანსება ქართული ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, "რაც მათი ანტისამთავრობო საქმიანობის რადიკალიზაციას ისახავს მიზნად".
მათივე მტკიცებით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "დესტრუქციული საქმიანობისთვის" 100-მდე ახალგაზრდა, სტუდენტი, ფემინისტური და LGBT მოძრაობების წევრები შეაგროვა.