
შსს-ს განცხადების თანახმად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად მიმდინარე აქციაზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
დაკავებულები არიან 1992 წელს დაბადებული მ.შ. და 1988 წელს დაბადებული თ.თ.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად იძალადეს 1988 წელს დაბადებულ ბ.გ.-ზე.
სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი 2 პირის ვინაობა დაადგინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით მ.შ. და თ.თ. დააკავეს.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.