Bloomberg: ტრამპმა ევროპელებს და ზელენსკის უთხრა, რომ პუტინი ჯერ კიდევ მთელ დონბასს მოითხოვს

Bloomberg: ტრამპმა ევროპელებს და ზელენსკის უთხრა, რომ პუტინი ჯერ კიდევ მთელ დონბასს მოითხოვს

Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის დროს უთხრა, რომ ვლადიმერ პუტინს კვლავ სურს, რომ კიევმა დათმოს კონტროლი ლუგანსკისა და დონეცკის მთელ ოლქებზე.

Bloomberg-ის წყაროს ცნობით, სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა თქვა, მართალია, უკრაინის გადასაწყვეტია, რას გააკეთებს თავის ტერიტორიებთან დაკავშირებით, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია უცვლელია - მას კვლავ სურს, კიევმა დათმოს უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე მთელი დონბასის რეგიონის კონტროლი.

წყაროები აღნიშნავენ, რომ რუსეთი მზად არის, შეწყვიტოს პრეტენზიები ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების იმ ნაწილებზე, რომლებსაც ამჟამად არ აკონტროლებს, რითიც გაყინავს ფრონტის ხაზს აღნიშნულ რეგიონებში.

Bloomberg წერს, რომ მიუხედავად შეხვედრაზე ომის დასრულების გზის ვერ მიღწევისა, დონალდ ტრამპმა მას "პროდუქტიული" უწოდა და მიანიჩნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შეთანხმების დადებისკენ მოუწოდებს.

***

ალასკაში გამართული აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სამიტი მეგობრული განცხადებებით, მაგრამ მნიშვნელოვანი გარღვევის გარეშე დასრულდა.

მოლაპარაკებების შემდეგ ორივე ლიდერმა შეხვედრა „პროდუქტიულად“ შეაფასა, თუმცა არცერთი მათგანი არ მიუთითებდა რაიმეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, მით უმეტეს - ფართო სამშვიდობო ხელშეკრულებაზე. „არ გვაქვს შეთანხმება, სანამ არ იქნება შეთანხმება... იქამდე ვერ მივედით,“ - განაცხადა ტრამპმა.

პუტინმა შეხვედრას „კონსტრუქციული და ბიზნესური“ უწოდა, აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასრულებისთვის საჭიროა მისი „ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა“ და თქვა, რომ უკრაინამ და ევროპამ არ უნდა „ჩაშალონ“ მოლაპარაკებები.

სამიტის დასრულებისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მალე დაუკავშირდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს. პუტინმა კი მომავალ შეხვედრაზე მიანიშნა, სიტყვებით - „შემდეგში მოსკოვში“.

შეხვედრა მოსალოდნელზე მოკლე იყო და ჟურნალისტების შეკითხვების გარეშე დასრულდა. მიუხედავად პოზიტიური ტონისა, უკრაინაში ომის მომავალი კვლავ ბუნდოვანი რჩება.