"რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მიერ სევასტოპოლის დატოვებას აფასებენ, როგორც სამხედრო-საზღვაო მარცხს" - ამ სათაურით KYIV POST-ი სტატიას აქვეყნებს და რუსეთის მიერ შავი ზღვის ფლოტიდან რამდენიმე გემის გაყვანაზე წერს.
სტატიაში ნათქვამია, რომ სევასტოპოლის ბაზები ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა კრემლისთვის შავი ზღვის რეგიონში რუსული სამხედრო გემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამასთან, მოყვანილია სამხედრო-საზღვაო დამკვირვებლების მიერ გადაღებული სატელიტური სურათები, რომელშიც ჩანს, რომ რუსეთმა, სულ მცირე, 10 ძირითადი სამხედრო ხომალდი, რომელიც მანამდე რუსეთის მასიურ, სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე იყო განლაგებული, ახლა ნოვოროსიისკის პორტში, რუსეთის ყუბანის რეგიონშია გადაყვანილი.
KYIV POST წერს, რომ სატელიტური სურათებით შესაძლოა იმის ვარაუდი, რომ კრემლმა გაურკვეველი ვადით შეზღუდა სტრატეგიულად განლაგებული ყირიმის ნახევარკუნძულის შავ ზღვაში ბაზად გამოყენება. სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ რუსეთმა სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკის სამხედრო პორტის პირსებთან შავი ზღვის ფლოტის სამი დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი, ორი სარაკეტო ფრეგატი და ხუთი სადესანტო ხომალდი გადაიყვანა.
სტატიის მიხედვით, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 6 მცირე ზომის სარაკეტო კატერი და რამდენიმე დამხმარი ნავი, რომლებმაც დატოვეს სევასტოპოლი, ამჟამად ფეოდოსიის პორტში გადაიყვანეს, დაახლოებით 150 კილომეტრში სევასტოპოლის აღმოსავლეთიდან.
სტატიაში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის განცხადებაა მოყვანილი, რომელმაც თქვა, რომ "უკრაინამ მიაღწია უზარმაზარ წარმატებას ყირიმში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტზე დარტყმების განხორციელების მიმართულებით, რის შედეგადაც, კრემლი ახლა გრძნობს, რომ საჭიროა გადაადგილება".
KYIV POST წერს, რომ თავდაპირველად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მიერ სევასტოპოლის დატოვება უკრაინულმა მედიამ შენიშნა. სტატიაში ნათქვამია, რომ კრემლის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის მიერ ბოლო კვირების განმავლობაში სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების დარტყმები სანაპირო დაცვასა და პორტის ინფრასტრუქტურაზე.
KYIV POST-ის სტატიის თანახმად, მიუხედავად კრემლის მტკიცებისა, რომ ზარალი მთლიანად აღდგება, დამოუკიდებელი ანალიტიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ უკრაინულმა რაკეტებმა ფაქტობრივად გაანადგურეს რაკეტების მატარებელი წყალქვეშა ნავი და სადესანტო გემი.
სტატიაში საუბარია 22 სექტემბერს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე განხორციელებული თავდასხმის შესახებაც. თავდასხმის შემდეგ, სპეციალური ოპერაციების სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შედეგად, სულ მცირე, 34 ოფიცერი დაიღუპა, 100-ზე მეტი ოკუპანტი სამხედრო კი დაშავდა.
სტატიაში მოყვანილია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას დღევანდელი განცხადებაც, სადაც მან თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას. ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება.
სტატიაში დავით კეზერაშვილი ასლან ბჟანიას დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "რუსეთის ფლოტის საქართველოს მიმდინარე პორტებში გადაყვანა რუსეთ-უკრაინის ომის სახიფათო გაფართოებას ნიშნავს, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას უკრაინის საზღვრებს მიღმა ათასობით კილომეტრში".
"პუტინი ასევე უგზავნის სიგნალს დასავლეთს, რომ ის საქართველოსგან შორს უნდა იდგეს. დასავლეთისთვის კოშმარული სცენარი მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი დაიწყებს უკრაინაზე თავდასხმას ტერიტორიიდან, რომელიც კანონით საქართველოს ეკუთვნის, ან, ალტერნატივაა, რომ უკრაინა თავს ვალდებულად ჩათვლის პირველმა განახორციელოს დარტყმა საქართველოს მიმართულებით. ახლა გადაუდებელი აუცილებლობაა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა - ევროკავშირმა, აშშ-მა, NATO-მ - იმოქმედონ სწრაფად, რათა თავიდან აიცილონ რუსული გავლენის გავრცელება რეგიონში", - განაცხადა დავით კეზერაშვილმა.