
რუსეთი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთთან საზღვაო მიმოსვლის აღდგენას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტული მედია TASS ავრცელებს.
მათი ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ სოხუმსა და სოჭს შორის რეგულარული საზღვაო მიმოსვლის დამყარების საკითხი განიხილეს.
"შედგა გასვლითი შეხვედრა ბადრა გუნბას, სერგეი კირიენკოს და ფედერალური სახელმწიფო საწარმო "როსმორპორტის" აზოვი-შავი ზღვის ფილიალის დირექტორის, ანა ფომენკოს მონაწილეობით. განხილვის მთავარი თემა იყო სოხუმსა და სოჭს შორის რეგულარული საზღვაო მარშრუტის შექმნა. მხარეებმა განიხილეს აფხაზეთის დედაქალაქსა და რუსეთის კურორტს შორის სტაბილური და ხელმისაწვდომი სატრანსპორტო კავშირის ორგანიზების ვარიანტები", - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.