ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი რუსი მძევლების გათავისუფლებას გეგმავს. შესაბამისი განცხადება ჰამასის პრესსპიკერმა მუსა აბუ მარზუკმა გააკეთა.
მარზუკის თქმით, რუსეთმა მათ მიაწოდა იმ მოქალაქეების სია, რომლებიც ღაზის სექტორში მძევლად ჰყავთ აყვანილი.
"რუსული მხარისგან, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მივიღეთ იმ მოქალაქეების სია, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. ამ სიას ძალიან ყურადღებით ვექცევით და დეტალურად შევისწავლით, რადგან რუსეთს ვუყურებთ როგორც ჩვენს უახლოეს მეგობარს", - აღნიშნა ჰამასის წარმომადგენელმა, რომლის კომენტარსაც რუსული პროპაგანდისტული რია ნოვოსტი ავრცელებს.
მარზუკი ამბობს, რომ ახლა ჰამასი სიაში მყოფ ადამიანებს ეძებს და მათ გათავისუფლების აპირებს.
***
7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, მძევლად 200-250 ადამიანია აყვანილი, მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის არიან ბავშვები და მოხუცები.