რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი მირნოგრადი დაბომბეს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულთაგან 3 საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის გამო 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გათბობის გარეშე დარჩა.
ამასთან, დაზიანდა, სულ მცირე, 17 მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა და 27 მანქანა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის არმიამ სარაკეტო შეტევა, სავარაუდოდ, S-300 რაკეტებით განახორციელა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.