22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო, რომლის მიხედვითაც მეხუთე დღეს კრუიზი ბათუმის პორტშიც შევა.
რუსული არხის Россия 1-ის ცნობით, შავი ზღვის სანაპიროზე დამატებითი გაჩერება ტურისტების მოთხოვნით დაამატეს.
"ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ქართული კურორტები რეისის მიმართ ინტერესს მნიშვნელოვნად გაზრდის. მით უმეტეს, არანაირი დამატებითი დოკუმენტის გაფორმება მგზავრებს არ მოუწევთ" – ნათქვამია Россия 1-ის რეპორტაჟში.
გამოცემა ეხო კავკაზა იუწყება, რომ კრუიზი ტურისტებს ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას სთავაზობს. ამასთან, ლაინერის მენიუს ქართული ტრადიციული კერძებიც დაემატა.
"ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუმრები დააფასებენ ბათუმის გასაოცარ ატმოსფეროს და კულტურას. ჩვენ მოვამზადეთ სპეციალური საექსკურსიო პროგრამა, რომლითაც ტურისტები გაეცნობიან ქალაქს და მის კულტურას" - განაცხადა საკრუიზო კომპანიის სასტუმროს მენეჯერის მოადგილემ მუზაფერ ოზიმ.
ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომაც, რომლის განცხადებითაც, 27 ივლისს ბათუმის პორტში მცურავი საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE შემოსვლა იგეგმება. მათი თქმით, გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.
"ის რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება" - ასევე ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
Astoria Grande-ს ვებსაიტის მიხედვით, ის მორიგ "ვარსკვლავურ" ტურს 29 ივლისს დაიწყებს. ამ შემთხვევაში Astoria Grande-ს მარშრუტია: სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.