მომდევნო რამდენიმე წელი გერმანია უკრაინისთვის, ყოველწლიურად, 9 მილიარდ ევროს გამოყოფს

მომდევნო რამდენიმე წელი გერმანია უკრაინისთვის, ყოველწლიურად, 9 მილიარდ ევროს გამოყოფს

გერმანია უკრაინისთვის, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 9 მილიარდი ევროს გამოყოფის ვალდებულებას იღებს.

ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა, ლარს კლინგბეილმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

კლინგბეილის ციტატა: "როგორც ფინანსთა მინისტრმა, მე ნათლად განვაცხადე - და ეს შეთანხმებულია ფედერალური მთავრობის მიერ - რომ ჩვენ უკრაინას, მომდევნო წლების განმავლობაში, ყოველწლიურად 9 მილიარდ ევროს გამოვუყოფთ", - თქვა მან.

კლინგბეილი კიევში დღეს დილით ჩავიდა. აღნიშნულ განცხადებამდე მან დასძინა, რომ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიგოს, რომ გერმანიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია.

„პუტინს ილუზია არ უნდა ჰქონდეს, თითქოს გერმანიის მხარდაჭერა შეიძლება გაქრეს. პირიქით – ჩვენ ვრჩებით უკრაინის მეორე უმსხვილეს პარტნიორად მსოფლიოში და უდიდესად ევროპაში. უკრაინას კვლავ შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს,“ – აღნიშნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, რომელიც კანცლერ ფრიდრიხ მერცის კოალიციური მთავრობის უმცროსი პარტნიორია.

ვიცე-კანცლერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა აუცილებლად უნდა იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ხოლო ხანგრძლივი მშვიდობისთვის საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და სანდო უსაფრთხოების გარანტიები.