
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო CBS News-სთან საუბრისას ამბობს, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა და დღე განსაზღვრავს, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით სერიოზულად განწყობილი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ პუტინი მზადაა მოლაპარაკებისა და დათმობისთვის ბრძოლის დასასრულებლად, რუბიომ განაცხადა, რომ ზარს უნდა მოჰყვეს ქმედება.
"მომდევნო რამდენიმე კვირა და დღე განსაზღვრავს, არის ეს სერიოზული თუ არა"- აღნიშნა რუბიომ.
მისივე თქმით, პუტინმა ტრამპთან საუბრისას მშვიდობის შესახებ ინტერესი გამოთქვა.
"ერთი ზარი არ წყვეტს ასეთ კომპლექსურ ომს... მაგრამ, შემიძლია, გითხრათ, რომ დონალდ ტრამპი არის მსოფლიოში ერთადერთი ლიდერი, რომელსაც პოტენციურად შეუძლია ამ პროცესის დაწყება"- თქვა რუბიომ.
მისივე თქმით, მშვიდობისკენ მიმავალი პროცესი არ არის ერთი შეხვედრის საქმე.
"ეს ომი უკვე დიდი ხანია, გრძელდება. ეს რთულია, კომპლექსურია, ომი სისხლიანი იყო, ძვირი დაჯდა. ასე რომ, არ იქნება ადვილი ასეთი კონფლიქტის დასრულება და არიან სხვა მხარეებიც, რომლებსაც აქვთ თავიანთი მოსაზრებები ამაზე" - თქვა რუბიომ.