ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "სპეკულაციას" უწოდებს ინფორმაციას იმაზე, რომ ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი სარტყლისა და გზის ფორუმის შემდეგ ბანკეტს დაესწრო, სადაც ვლადიმერ პუტინიც იმყოფებდა.
შეკითხვაზე, ადასტურებს ან უარყოფს თუ არა ინფორმაციას, რომ ლევან დავითაშვილს ჰქონდა პირადი კონტაქტი პუტინთან, კობაძე პასუხობს:
"ჭორებზე არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო. რა ჩართულობა ჰქონდა ლევან დავითაშვილს შესაბამის ფორუმზე, საჯაროდაა ცნობილი და შესაბამისად, ჭორებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. როდესაც კონკრეტულ ფორუმში იღებ მონაწილეობას, ბოლომდე უნდა იყო ჩართული ამ ღონისძიებაში. ისევე, როგორც, თუ არ ვცდები, მაშინ სხდომათა დარბაზში 12 ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ. ევროკავშირის წევრ ქვეყნებზეა საუბარი. ეს არის ცარიელი სპეკულაცია"-თქვა კობახიძემ.
ბანკეტი 18 ოქტომბერს სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტაბულამ გაავრცელა.
როგორც ბანკეტის ჩანაწერებიდან ირკვევა, ლევან დავითაშვილი სხვა სტუმრებთან ერთად, რომელთა შორის ვლადიმირ პუტინიც იყო, საზეიმო ბანკეტს დაესწრო, სადაც სიტყვით ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სიტყვით გამოვიდა.
გარდა ამისა, ფორუმის გახსნის დღეს ვლადიმირ პუტინის სიტყვით გამოსვლას ლევან დავითაშვილი და ჩინეთში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ. ეს ჩანს გავრცელებული ვიდეოებიდან, რომელიც მათ შორის კრემლის საიტზეა ხელმისაწვდომი.
ჩინეთში ვიზიტის შესახებ აცხადებდა თვითონ მინისტრი და ინფორმაციას სამინისტროც ავრცელებდა, თუმცა არაფერი თქმულა საზეიმო ბანკეტის შესახებ.