გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს და ამბობს, რომ ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა რუსულ კანონს ეწინააღმდეგება.
"ძვირფასო კობახიძე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ გერმანიის ელჩმა კანცლერის სწორი ციტირება გააკეთა. მინდა დაგამშვიდოთ, რომ ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება "უცხოელი აგენტების კანონს". გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი. სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებისთვის დემონსტრაციებს მართავენ"- წერს როთი X-ზე.
15 აპრილს გერმანიის საელჩომ ოლაფ შოლცის მხრიდან რუსული კანონის კრიტიკა ქართულ ენაზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 12 აპრილს, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან პრესკონფერენციისას თარჯიმანმა კანონპროექტთან დაკავშირებით შოლცის სიტყვები გააყალბა.
ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ თარჯიმანი "ღიად არის ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი სახე".
კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ოლაფ შოლცმა რუსულ კანონთან დაკავშირებით თქვა:
"ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი ე.წ. აგენტების შესახებ კანონს და მას შემდეგ, რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ის კიდევ ერთხელ არ დადგებოდა დღის წესრიგში. ახალი კანონპროექტი, პრაქტიკულად არ შეცვლილა, თითქმის იგივეა, რაც შარშან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს როგორც ჩვენს, ასევე საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას" - თქვა შოლცმა.