როთი: ძვირფასო მმართველო პარტია, შეაჩერეთ ეს კანონი უცხოური აგენტების შესახებ

როთი: ძვირფასო მმართველო პარტია, შეაჩერეთ ეს კანონი უცხოური აგენტების შესახებ

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი ამბობს, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ვერ გაიხსნება. ამის შესახებ მან ოპოზიციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ევროპული დელეგაციის წევრი მკაფიო გზავნილის გასაგზავნად. ჩვენ ვართ საქართველოს, ქართველი ხალხის მეგობრები და ერთგული ვართ იმის, რომ საქართველოს ადგილი ევროპის გულშია. ეს კი ნიშნავს, რომ ვმუშაობთ საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. მაგრამ ძვირფასო მთავრობა, ძვირფასო მმართველო პარტია, შეაჩერეთ ეს კანონი უცხოური აგენტების შესახებ. ვერ ვხედავ პირობებს საქართველოს ნათელი მომავლისთვის, თუ მთავრობა ამ კანონს არ გაიწვევს", - თქვა როთმა.

დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპელ პარტნიორებს შეხვდნენ. საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ როთი, ასევე, ლიეტუვის, ჩეხეთის, ფინეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელები იმყოფებიან.

შეხვედრას არ დაესწრო ქართული ოცნება. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 13-14 მაისი ვიზიტისთვის კარგი დრო არაა, რადგან ამ პერიოდისთვის რუსული კანონის მიღებას აპირებენ და "საგნობრივი" მსჯელობა ვერ შედგებოდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა სულ 1 წუთს გაგრძელდა. ამ 1 წუთში შედის კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მისასალმებელი სიტყვაც.

სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატები იყვნენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზში შესვლა ვერ მოასწრეს.

იმ პერიოდში სანამ უმრავლესობის დეპუტატები კომიტეტის დარბაზში იკრიბებოდნენ, ოპოზიციის დეპუტატები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ.

ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში შესვლა დილის რვა საათისთვის დაიწყეს. დეპუტატებს პარლამენტის ეზოში მანქანებით შესვლა შეძახილებისა და სტვენის ფონზე უწევდათ.

მოგვიანებით, შიდა ეზოში, შესასვლელ კარებთან სახანძრო მანქანა დააყენეს, რათა კამერებს მმართველი გუნდის გადაადგილება ვერ დაეფიქსირებინათ.

მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ღამე გაათენეს, რათა დეპუტატები შენობაში ვერ შესულიყვნენ და კომიტეტის სხდომა ვერ ჩატარებულიყო. თუმცა პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და მოგვიანებით დაატოვებინა კიდეც. პროცესში პოლიცია სასტიკად გაუსწორდა რამდენიმე მოქალაქეს.