გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ჩრდილოეთის ჩრდილის ჩრდილი - გაეროს ტრიბუნაზე

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ჩრდილოეთის ჩრდილის ჩრდილი - გაეროს ტრიბუნაზე

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ენაზე გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე კაცი, რომელიც საქართველოს სახელით იდგა.

მნიშვნელობა მხოლოდ ერთ რამეს აქვს - იმას, რომ ის ჩრდილოეთის ჩრდილის ჩრდილია. ტრაგიკომიკური კონტრასტისთვის წარმოიდგინეთ ამ ტრიბუნის ღირსი ქართველი ლიდერები - ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე თუ მიხეილ სააკაშვილი რას იტყოდნენ დღეს, რა გზავნილს გაუგზავნიდნენ მსოფლიოს.

რუსეთის ოცნება - წარმოაჩინოს საქართველო, როგორც შეუმდგარი ქვეყანა, სამზუხაროდ, ამ ეტაპზე ახდა - მაშინ, როცა ივანიშვილის მიერ დანიშნული მარიონეტი გაეროს ტრიბუნაზე ავიდა. ეს არ იყო საქართველოს ხმა, ეს იყო ოლიგარქის მხრიდან რუსეთისადმი პოლიტიკური ლოიალობის დემონსტრირება.

ყველა და თითოეული თქვენგანი, რომელიც ივანიშვილის და რუსების მარიონეტის მიერ ქართულ ენაზე წარმოთქმული სიტყვის მიმართ, ქართული ენის ჟღერადობასთან დაკავშირებით გამოთქმული სრულიად უადგილო და მავნებლური, ისიც ერთეული შენიშვნის გამო სახეს იხოკავთ და სისხლს იდენთ - ,,ყაველაშვილებიც“ კი არ ხართ, რომელიც ბოლომდე შესაძლოა ვერც კი აცნობიერებს, რა როლის თამაში არგუნა პატრონმა, არამედ მასზე უარესები - ფარისევლები, ქვეყნის სახელმწიფოებრივი საფუძვლების მღრღნელები, რომელთაც არც ეროვნული თავმოყვარეობის და ღირსების შეგრძნება გაგაჩნიათ, არც წინაპრების მიმართ გაქვთ იოტისოდენა პატივისცემა და თქვენი შვილების მომავალიც ფეხებზე გკიდიათ.

საქართველოს ადგილი გაეროში არის თავისუფალი სამყაროს გვერდით, მკაფიოდ გამოცხადებული დასავლური კურსით და სუვერენული ღირსებით. ჩვენი საქმე აქ და ახლა ერთი წინადადებით ითქმება: საქართველოს სახელმწიფოს სახელისა და ხმის უკან დაბრუნება ტრიბუნაზე, სადაც ის არასოდეს უნდა ჩანაცვლდეს ჩრდლოეთის ჩრდილის ჩრდილით!