
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ უიკერმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე საქართველოზეც ისაუბრა.
"ეჭვგარეშეა, ვლადიმერ პუტინს ბელარუსის მსგავსად სურს, იგივეს მიაღწიოს საქართველოში, სადაც ქართულმა ოცნებამ შეაჩერა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, ვიტყოდი - ტრაგიკულად. ევროპისგან ზურგის შექცევით და რუსეთთან პარტნიორობის განვითარებით, ქართულ ოცნებას შეუძლია თავისუფლად ჩაერთოს კორუფციასა და რეპრესიებში ანგარიშვალდებულების გარეშე, ისევე როგორც ამას აკეთებს მათი მთავარი პარტნიორი - მოსკოვი", - თქვა მან.
მოსმენაზე, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის წარმოების გლობალურ და რეგიონულ შედეგებზე საუბრობდნენ, მან ბელარუსზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა:
"ვლადიმერ პუტინმა ნელ-ნელა დაიპყრო ბელარუსის სახელმწიფო, დაწყებული ეკონომიკური ინტეგრაციის ერთი შეხედვით უწყინარი გეგმებით, საბოლოოდ კი ბელარუსის ტერიტორია რუსული იარაღისა და ჯარების განსათავსებლად გამოიყენა, რითაც გააფართოვა ფიზიკური გავლენა NATO-ს საზღვრებამდე. დასავლეთმა, შესაძლოა, არ ისურვა ალექსანდრ ლუკაშენკოს სახით კიდევ ერთ უსიამოვნო დიქტატორთან ურთიერთობა, ეს სერიოზულად არ აღიქვა, სანამ ძალიან გვიან არ იყო და თითქმის მთელი ოპოზიცია იძულებული გახდა, გაქცეულიყო ბელარუსიდან", - აღნიშნა სენატორმა.