როიტენი ოცნებაზე: ორბანთან ასოცირებით, გამორიყავს თავს პროგრესული პარტიების ჯგუფიდან

როიტენი ოცნებაზე: ორბანთან ასოცირებით, გამორიყავს თავს პროგრესული პარტიების ჯგუფიდან

ევროპის სოციალისტური პარტიის წევრი, ევროპარლამენტარი ტეის როიტენი ამბობს, რომ პოლიტიკურ გაერთიანებაში ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებაზე საერთო პოზიციაა და საქართველოს მმართველ პარტიას გაერთიანებიდან გარიცხავენ.

როგორც როიტენი სოფო ზურაბიანის გადაცემაში პოლიტიკის ფორმულა აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან ასოცირებით საქართველოს უკან ხევს ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით.

ევროპარლამენტარის თქმით, უკმაყოფილება ქართული ოცნების მისამართით არახალია და მაგალითად 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები და რუსული კანონპროექტის მიღების მცდელობა მოჰყავს.

"ძალიან დამაზიანებელია და ბევრჯერ მითქვამს ეს, იმიტომ კი არა, რომ მე მინდა - საქართველოს მოსახლეობას სურს ევროპული პერსპექტივა და ამიტომაც, ჩვენ გვსურს იგივე ევროპარლამენტში, მაგრამ მთავრობა უკან იხევს 12 პრიორიტეტის შესრულებაზე და იგი არ არის ჰარმონიზებული იმასთან, რაც საქართველოს მოსახლეობას ნათლად სურს. ეს ნიშნავს ევროკავშირთან დაახლოებას და არა ევროპულ ღირებულებებთან დაშორებას - ეს არის ის, რაც ხდება ბატონ ორბანთან ურთიერთობით.

ამ საკითხზე [ქართული ოცნების გარიცხვაზე] სრულიად ვთანხმდებით. ჩვენ მტკიცე ხაზს ვითხოვთ ქართული ოცნების წინააღმდეგ. ეს გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. 2021 წელს პრაიდის მონაწილეებზე საქართველოში თავდასხმა მოხდა, რაც რეალურად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, ასევე, რუსული სტილის უცხოური აგენტების გავლენის შესახებ კანონპროექტის შემოღებაზე იყო საუბარი, იყო ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ ლგბტ თემის უფლებები ქართულ ოცნებას კიდევ უფრო უნდა შეეზღუდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს ევროკავშირთან დაახლოება, ხოლო მთავრობამ უნდა იმუშაოს 12 პრიორიტეტზე. ოცნება კონსერვატორებთან და ორბანთან ასოცირებით ნამდვილად საკუთარ თავს გამორიყავს სოციალისტური და პროგრესული პარტიების ჯგუფიდან. იმედი მაქვს, რომ ივნისში ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ", - თქვა როიტენმა. [სინქრონული თარგმანი]

***

4 მაისს, უნგრეთში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა დაგმო ევროპელი სოციალისტების პარტიამ (PES) და აღნიშნეს, რომ PES-ის მომავალ სხდომაზე ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებას განიხილავენ, რაც "აუცილებელი ნაბიჯია".

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთშიკონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა ტრადიციულ ღირებულებებზე, "ოჯახის სიწმინდეზე" და მისი გამოსვლა შეიცავდა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ გზავნილებს.

ღარიბაშვილმა ისაუბრა ორბანზეც: "უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს, ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას და ნამდვილად სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია".