გერმანიის ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი იმეორებს საქართველოს შესახებ გუშინ მიღებული რეზოლუციის პოზიციას და ამბობს, რომ ხელისუფლების ამჟამინდელი კურსის გაგრძელების შემთხვევაში, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით წინსვლა არ იქნება.
ეს განცხადება მან ფორმულასთან ინტერვიუში გააკეთა. რობინ ვაგენერი საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელია.
მისივე თქმით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები არის ადგილი, სადაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს - "მიდის ევროკავშირის ღია კარის მიმართულებით, თუ მიდის სხვა გზით, რომელიც ახლა მთავრობას აქვს არჩეული".
"გავუღეთ კარი საქართველოს და რასაც ახლა ვხედავთ, არის კურსი, რომელიც აშორებს ქვეყანას ამ ღია კარისგან. ევროკავშირი არ არის მხოლოდ ეკონომიკური კლუბი, ეს არის ღირებულებებზე, დემოკრატიის იდეაზე დაფუძნებული საზოგადოება, მის წევრებს უნდა ჰყავდეს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რაც ევროკავშირის წევრობის ძირითადი ნაწილია. ასევე, დაცული უნდა იყოს უმცირესობები, ასე რომ, ჩვენ არ გვესმის საქართველოს მთავრობის კურსი. მაგრამ, როგორც გერმანიის ბუნდესტაგი, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არ იქნება მომდევნო ნაბიჯები ამ ორი კანონმდებლობის არსებობის შემთხვევაში.
ჩვენ ვხედავთ ქართველ ხალხს, რომელიც გადის ქუჩაში და დემონსტრაციებს აწყობს ევროპული პროცესისთვის და საზოგადოების პოლარიზაციის დაძლევისთვის. მოახლოებული არჩევნები არის ადგილი, სადაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი გზით მიდის - მიდის ევროკავშირის ღია კარის მიმართულებით, საზოგადოების დეპოლარიზაციისა და ამ კანონების მოშორებით, თუ მიდის სხვა გზით, რომელიც ახლა მთავრობას აქვს არჩეული და რომელიც აშორებს ევროკავშირისგან", - ამბობს რობინ ვაგენერი.
რობინ ვაგენერის თქმით, გერმანელი კანონმდებლები ეწინააღმდეგებიან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას და აღნიშნავს, რომ "საქართველოს მოსახლეობა არ უნდა დაისაჯოს", თუმცა აქვე ამბობს, რომ ბერლინი განიხილავს პერსონალურ სანქციებს.
"რა თქმა უნდა, შესაძლებელია პერსონალურ სანქციებზე საუბარი. ჩვენ შეწუხებული ვართ არამარტო კანონმდებლობით, არამედ მთავრობის ძალადობრივი რეაქციით, პროტესტის წინააღმდეგ მზარდი ძალადობით, მუქარით ქუჩაში და ატმოსფეროთი ქვეყანაში. არ მინდა დავაკონკრეტო სანქციების სახე და ვისკენ იქნება ის მიმართული, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, იქნება მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე.
სანქციები უნდა იყოს მიღებული ერთხმად, მთელი ევროკავშირის მიერ და ეს რთული პროცესია. ჩვენ ვხედავთ ქართველი ხალხის მკაფიო ერთგულებას ევროკავშირის მიმართ, ამიტომ არ გვინდა დავსაჯოთ საქართველოს მოსახლეობა", - ამბობს რობინ ვაგენერი.
გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოზე 10 ოქტომბერს რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციის ავტორები გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და ლიბერალ-დემოკრატიული პარტია არიან, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერენ, მაგრამ ოცნების ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურსს აკრიტიკებენ.