რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე სპეციალისტების რეკომენდაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში.
შაბათს, 8 აპრილს, 07:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის მონაკვეთზე აღდგება შემდეგი რეჟიმით:
- 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის;
- 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით;
- ამასთან, რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში;
- მსუბუქ და სამგზავრო ავტოტრანსპორტს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იანი მარშრუტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დროს;
- კვლევითი სამუშაოები მეწყრულ უბანზე გრძელდება. დაწყებულია შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტების დამუშავების პროცესი. პრევენციული სამუშაოების დასაწყებად კი, მიმდინარეობს მისასვლელი გზების მოწყობა.