რეზნიკოვი: პრიგოჟინის სიკვდილმა პუტინი დაასუსტა

რეზნიკოვი: პრიგოჟინის სიკვდილმა პუტინი დაასუსტა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეის რეზნიკოვის თქმით, ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა არ ღირს, რადგან მისი ნდობა არ შეიძლება.

"პრიგოჟინის სიკვდილმა პუტინი დაასუსტა. რადგან ამან აჩვენა მსოფლიოს: თუ პუტინი ვინმესთან რამეზე თანხმდება და შეთანხმებას არღვევას, მაშინ მისი ნდობა აღარ შეიძლება... ეს უბრალოდ განგსტერების ქმედებებია, ხოლო კრემლი განგსტერივით იქცევა, როგორც ბოროტმოქმედი", - თქვა რეზნიკოვმა.

მისივე განცხადებით, ვაგნერის მეთაურის სიკვდილი ომის მსვლელობაზე გავლენას არ იქონიებს, "რადგან ვაგნერის დაჯგუფება ფაქტობრივად აღარ არსებობს".

რეზნიკოვი ამბობს, რომ ჯერ კიდევ 1 წლის წინ ვაგნერელები სერიოზულ ძალას წარმოადგენდნენ, თუმცა ახლა "განადგურებულები არიან".

***

23 აგვისტოს ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაღუპულია. როგორც TASS-მა Rosaviatsia-ზე დაყრდნობით დაწერა, მგზავრთა სიაში ირიცხებოდა ევგენი პრიგოჟინიც, თუმცა თავდაპირველად მისი ბორტზე ყოფნა ოფიციალურად არ დასტურდებოდა.

რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტვერის ოლქში, სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა - ის შერემეტიევოს აეროპორტიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.