17 ევროპული სახელმწიფო: შეშფოთებულები ვართ საქართველოში არსებული ვითარების გაუარესებით

17 ევროპული სახელმწიფო: შეშფოთებულები ვართ საქართველოში არსებული ვითარების გაუარესებით

ევროპის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, კაია კალასი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.

ისინი მკაცრად გმობენ ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაპატიმრებას, რაც, მათი თქმით, ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას ისახავს მიზანად.

ოპოზიციის ლიდერების, ასევე აქტივისტების, ჟურნალისტების, თუ მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრება, 17 ევროპული სახელმწიფოს განცხადებით, საქართველოს ავტორიტარულ სახელმწიფოდ გარდაქმნას უწყობს ხელს.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები "დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობისკენ" არის მიმართული.

"მათი დაკავება, ისევე როგორც თვითნებური დაკავებები და ქართული ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ მზარდი რეპრესია, საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლას და ქვეყნის ავტორიტარულ სისტემად სწრაფად გარდაქმნას უწყობს ხელს, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და ნორმებს. ბოლო დროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობისკენ", - წერია განცხადებაში.

მათი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების რეპრესიულმა ნაბიჯებმა დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება გამოიწვია, ხოლო ივანიშვილის მთავრობის "ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი" საფრთხეს წარმოადგენს ამგვარი ორმხრივი ურთიერთობებისთვის.

"საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა, გამოიწვია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება, მათ შორის, დახმარების და თანამშრომლობის შეზღუდვა საქართველოს ხელისუფლებასთან. დღეს, საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი კიდევ უფრო მეტად უქმნის საფრთხეს ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს და ჩვენს ქვეყნებთან ურთიერთობებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

17 ევროპული სახელმწიფო ასევე აცხადებს, რომ ისინი გააგრძელებენ ივანიშვილის მთავრობის ანტიდასავლური და რეპრესიული ნაბიჯების მხილებას და გამოთქვამენ მზაობას, გამოიყენონ შესაბამისი მექანიზმები, "თუკი საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ძირის გამოთხრას."

"ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ხელისულების ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების მხილებას და მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმები, თუკი საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ძირის გამოთხრას.

ჯერ კიდევ შესაძლებელია კურსის შეცვლა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონდმებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან", - წერია ევროპული სახელმწიფოების განცხადებაში.