უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან მიღებული MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო ძალებს აძლიერებენ, მაგრამ მისი თქმით, საჭიროა უფრო თანამედროვე ავიაცია.
"ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები, რომ თანამედროვე თვითმფრინავები გვჭირდება. იქნება ეს Falcon ან Gripen, თუ სხვა ტიპის თვითმფრინავი. მაგალითად, თანამედროვე რუსული თვითმფრინავების, ისეთი როგორიცაა Су-35, რადარის დიაპაზონი 200 კმ-ზე მეტია და სროლის მანძილი 100 კმ-ზე მეტი. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინისთვის, რათა ისინი ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილი გახდეს", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
რეზნიკოვი ამბობს, რომ უკრაინა ოპტიმისტურად არის განწყობილი დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მოწოდებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, უკრაინა პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.
16 მარტს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გამოაცხადა უკრაინაში პირველი ოთხი MiG-29 თვითმფრინავის გადაცემის შესახებ. მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ სლოვაკეთი უკრაინას 13 MiG-29 გამანადგურებელს გადასცემდა.