ბათუმში მდებარე რესტორანი ფშაური რეტროდან წამოსულ თანამშრომლებს დასაქმებას სთავაზობს.
რესტორანი წერს, რომ თანამშრომლების მიმართ მსგავს მოპყრობას გმობს.
"რესტორანი ფშაური გმობს ბოლო პერიოდში საქართველოში გახშირებულ არასათანადო და ძალადობრივ მოპყრობას თანამშრომლების მიმართ, რაც ეწინააღმდეგება და ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
ამის ფონზე, ბათუმში ახლახან მომხდარი ინციდენტიდან გამომდინარე, ჩვენი გუნდი სოლიდარობას უცხადებს რესტორან რეტროდან პროტესტის ნიშნად წამოსულ თანამშრომლებს და სთავაზობს დასაქმებას სამწუხაროდ შეზღუდული ოდენობით. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ", - წერს რესტორანი.
რესტორანი რეტრო, რომლის მფლობელმა თეიმურაზ ვარშანიძემ მიმტანზე იძალადა, 15-ვე თანამშრომელმა დატოვა. დღეს დილიდან რესტორანი აღარ გაიხსნა.
რეტროს მფლობელი ძალადობის ბრალდებით უკვე დაკავებულია.
გუშინ, 5 ივნისს სახაჭაპურე რეტროს ყოფილმა მენეჯერმა მარია ზოიძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს.
ზოიძე წერს, რომ თავად რეტრო ცოტა ხნის წინ დატოვა, რადგან ვარშანიძემ ხალხით სავსე რესტორანში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართა.
ის, ასევე, წერს, რომ რუსების შემოდინებასთან ერთად რესტორანში რუსი თანამშრომლები მიიყვანეს, რომლებიც ძველ თანამშრომლებს ტოქსიკურ სამუშაო გარემოს უქმნიდნენ, მფლობელი კი მათ მხარს უბამდა, რადგან პრორუსია.