თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძე რექტორობის 4-წლიანი ვადის ამოწურვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და Facebook-ზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს. შარიქაძე 4-წლიან მუშაობას აჯამებს და აცხადებს, რომ კონსერვატორიისთვის "აკადემიური თავისუფლება და ავტონომიურობა კვლავ გამოწვევად რჩება".
ნანა შარიქაძე წერს, რომ რეფორმა ნამდვილად გასატარებელია, "ოღონდ სისტემაში და ურიგო არ იქნებოდა, მისი კულტურის სამინისტროდან დაწყება". ის კონსერვატორიაში "არაკეთილგანწყობილ სამუშაო გარემოზე" საუბრობს და იხსენებს კულტურის სამინისტროში 11 აპრილს გამართულ დახურულ შეხვედრას.
ნანა შარიქაძე მადლობას უხდის თანაგუნდელებსა და სტუდენტებს.
"ვთვლი, რომ სახელმწიფო, რომელიც განებივრებული არ არის ადამიანური რესურსით, ისეთ ადამიანებს, რომელთაც იდეა, საქმის ცოდნა და უანგარობა აქვთ, უნდა უფრთხილდებოდეს. რადგან ეს თვისებები კონვერტირდება სიყვარულში, იდეისადმი და საქმისადმი ერთგულებაში (არა პიროვნებისადმი მორჩილებაში) და კრიზისის შესაძლებლობად გარდაქმნაში.
არ მახსენდება, ბოლოს როდის ვმუშაობდით მშვიდ, კეთილგანწყობილ გარემოში. მაგრამ მახსენდება კულტურის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, რომლის მსგავსიც მხოლოდ არქივში მაქვს წაკითხული. მხედველობაში მაქვს 2023 წლის 11აპრილი და მისი შემდგომი პერიოდი- ურთულესი პერსონალურად ჩემთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩემთან ერთად ესწრებოდნენ იმ შეხვედრას და ალბათ იმათთვისაც, ვინც ამ ომში ბრმა იარაღად გამოიყენეს, ან თავიანთი სურვილით გამოაყენებინეს თავი. მჯერა, რომ მოვა დრო, როცა 11 აპრილის შეხვედრაზე მყოფნი იტყვიან, რომ იქ არ ყოფილან... და მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ფასი იმ დღეს თქვენ გადაიხადეთ.
ჩემს აზრზე კვლავაც ვრჩები, რომ აკადემიური თავისუფლება და ავტონომიურობა კვლავ გამოწვევად რჩება კონსერვატორიისთვის, როგორც არ უნდა შეიფუთოს ის. რეფორმა კი ნამდვილად გასატარებელია, ოღონდ სისტემაში და ურიგო არ იქნებოდა მისი კულტურის სამინისტროდან დაწყება", - წერს ნანა შარიქაძე Facebook-ზე.
26 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები პროცედურები შეწყდა. მინისტრის ბრძანებით გაუქმდა არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 28 ივლისის დადგენილება.
20 სექტემბერს მინისტრის საათზე კულტურის მინისტრი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში "რეფორმით" დაიმუქრა. როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას თქვა, ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი "ხარვეზია" და არ დამალა, რომ ცვლილებებს გეგმავს.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას რექტორი ნანა შარიქაძეა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს. შარიქაძე ერთ-ერთია, ვინც რამდენიმე თვის წინ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა.