შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის, გოგა რაზმაძის თქმით, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მისი საქმის შეწყვეტის შემდეგ, საქმის განმხილველი თანამშრომელი დააწინაურა.
ასევე, რაზმაძემ აღნიშნა, რომ ომბუდსმენი შეხვედრას დაჰპირდა, თუმცა მოგვიანებით გაქრა და სოციალურ ქსელშიც დაბლოკა.
"სახალხო დამცველმა, ჩემი საქმის შეწყვეტის შემდეგ, საქმის განმხილველი რიგითი თანამშრომელი, ანა კვაჭაძე (ალექსანდრე დარახველიძის ცოლის მეგობარი), დააწინაურა, რის შედეგადაც ის მალევე გახდა დეპარტამენტის უფროსი. აღნიშნულის შემდეგ, ანამ შეწყვიტა კრიტიკული პოსტების გამოქვეყნება, მათ შორის, ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით.
ჩემი საქმის მეორე ნაწილის (გამოხატვის თავისუფლების კომპონენტი) შესწავლა დაევალა ალექსანდრე დარახველიძის კურსელს, ლიკა წიკლაურს (სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი), რომლის ქმარი, ჩემი საქმის შესწავლის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტში დაასაქმა ალექსანდრე დარახველიძემ, კონკურსის გარეშე.
სახალხო დამცველი დამპირდა, რომ შემხვდებოდა, თუმცა მოგვიანებით გაქრა და თავის ფბ გვერდზე დამბლოკა კიდეც", - დაწერა სოციალურ ქსელში რაზმაძემ.