რას პასუხობენ ფორმულას ევროკავშირში მედიის შემზღუდავ კანონპროექტთან დაკავშირებით

რას პასუხობენ ფორმულას ევროკავშირში მედიის შემზღუდავ კანონპროექტთან დაკავშირებით

ევროკავშირში მედიის შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად ახალი კანონის მიღებაზე ფორმულას მიერ დასმული კითხვის პასუხად ამბობენ, რომ ჯერ კიდევ აანალიზებენ კანონპროექტის შინაარსსა და შესაძლო შედეგებს.

EU-ის სპიკერის პასუხში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის წინასწარი ანალიზის თანახმად, შემოთავაზებულმა დაფინანსების მკაცრმა შეზღუდვებმა შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დათრგუნოს დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შესაძლებლობები.

"ჩვენ მხედველობაში მივიღეთ მაუწყებლობის შესახებ კანონში შემოთავაზებული ცვლილებები. კანონპროექტი ჯერ არ არის მიღებული პარლამენტის მიერ. ჩვენ ჯერ კიდევ ვაანალიზებთ მის შინაარსს და შესაძლო შედეგებს.

ცვლილებების პროექტის ჩვენი წინასწარი ანალიზი მიუთითებს, რომ შემოთავაზებულმა დაფინანსების მკაცრმა შეზღუდვებმა შესაძლოა კიდევ უფრო შეზღუდოს და დათრგუნოს დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შესაძლებლობები.

ჩვენ ველით, რომ ქართული ოცნება თავს შეიკავებს მედიის დაფინანსების არასათანადო შეზღუდვისგან. გამოხატვის თავისუფლების გარანტია და დაცვა ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებებია. ჩვენ ველით, რომ ნებისმიერი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა სრულად დაიცავს ამ პრინციპებსა და ღირებულებებს", - ნათქვამია EU-ის სპიკერის პასუხში.

ქართულმა ოცნებამ ერთპარტიულ პარლამენტში მედიის შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად ახალი კანონის მიღება 5 თებერვალს დააანონსა.

24 თებერვალს არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მედიის შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები დაინიცირდა.

ცვლილებები, რომელიც ოცნებას მედიის შესაზღუდად ინიცირებულ კანონპროექტში შეაქვს - რა იზღუდება