პოლიტიკური პოლარიზაცია, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, რეპრესიული კანონმდებლობა, საარჩევნოდ ფინანსური გამჭვირვალობის აუცილებლობა - ამ საკითხებს მოიცავს ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც დამტკიცდა.
სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს საქართველოში ევროპის საბჭოს ფასეულობების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცებას. ის ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპულ სტანდარტებთან შემდგომ დაახლოებას.
სამოქმედო გეგმაში გამოყოფილია საკვანძო საკითხები, რომელთა უმეტესობაც იმეორებს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული 9 რეკომენდაციის გათვალისწინებას.
დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ თავს ჰქვია დემოკრატია. მასში გამოყოფილ პუნქტებს შორის ერთ-ერთი არჩევნებს ეხება. პუნქტში არის მოწოდება, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა დაუახლოვდეს ევროპულს, ასევე, გაძლიერდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამჭვირვალობა.ამასთან, გეგმაში აქცენტი კეთდება საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მონიტორინგზე და ამ პროცესში ანტიკორუფციული ბიუროს როლზე.
გარდა ამისა, სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთი მთავარი პუნქტი არის კანონის უზენაესობა. დოკუმენტი იმეორებს EU-ის მოთხოვნას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის შესახებ.
გარდა ამისა, კიდევ ერთი მიმართულებაა სასამართლოს რეპრესიულად გამოყენება - ამ ნაწილში დოკუმენტში აქცენტი კეთდება საბჭოთა პერიოდში მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც, დოკუმენტის მიხედვით "იძლევა ზედმეტად ფართო გამოყენების საშუალებას".
სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთი საკითხი მედიის თავისუფლება და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაა. აღნიშნულია, რომ საჭიროა "დროული რეაგირება ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევებზე". ამასთან, აღნიშნულია, რომ საჭიროა მედიის თავისუფლების და პლურალიზმის შემდგომი მხარდაჭერა.
სამოქმედო გეგმის მიხედვით, ევროპის საბჭო დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას და დაინტერესებულ მხარეებს, რომ ქვეყანამ შეიმუშაოს ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები.
ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ ევროპის საბჭო უზრუნველყოფს ჟურნალისტთა ჩართვას სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოებისთვის მითითებებისა და ინსტრუქციების შემუშავებაში. გარდა ამისა, დაეხმარება სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს, რომ ჟურნალისტთა უსაფრთხოების საკითხის მოგვარება გაძლიერდეს.