ფორმულა ესაუბრა მოქალაქე მარტია პაპიაშვილს, რომლის ცემაშიც ყაზბეგის მერს ბაკურ ავსაჯანიშვილს ადანაშაულებენ. მარტია პაპიაშვილი ადასტურებს ყაზბეგის მერთან შელაპარაკების ფაქტს და არ გამორიცხავს, რომ მისი გაღიზიანება Facebook-ზე გამოქვეყნებულ კრიტიკულ პოსტს გამოეწვია.
ფორმულასთან საუბრისას მარტია პაპიაშვილი ამბობს, რომ იმყოფებოდნენ დაკრძალვაზე, რა დროსაც ის შეხვდა მერს და ამის შემდეგ, მასსა და ბაკურ ავსაჯანიშვილს შორის მოხდა შელაპარაკება.
როგორც ის ჰყვება, ეს დაპირისპირება არ დაწყებულა გუშინ და რამდენიმე დღით ადრე, ეს დაპირისპირება გრძელდება მას შემდეგ, რაც დაანონსა კამარა ჰესის მშენებლობა ყაზბეგში, რასაც ადგილობრივები აპროტესტებენ. მამია პაპიაშვილი ამბობს, რომ მერი დაინტერესებულია ჰესის მშენებლობით, აქტიურად უჭერს მხარს და წინააღმდეგობაშია მოსახლეობასთან, რომელიც ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია.
"რაც ეს ჰესების თემები არსებობს, არსებობს დაპირისპირებები ადამიანებს შორის. [...] იქ არ იყო პროვოცირება, რაღაცნაირად შევხვდით ერთმანეთს და მოხდა ერთმანეთში შელაპარაკება და ასე მოხდა, რა", - ამბობს მამია პაპიაშვილი.
კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია იმაზე, რომ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მყოფ ადამიანებზე მიმდინარეობს ზეწოლა ან სამსახურიდან ათავისუფლებენ, მამია პაპიაშვილმა უპასუხა: "მითხრეს, რომ ასეთი შემთხვევები იყო. საჯარო მოხელეები დაიბარეს და უთხრეს, რომ ხელი მოეწერათ. გარკვეულ ხელმოწერებს აგროვებდნენ".
***
მთის ამბების ინფორმაციით, გუშინ, 21 ნოემბერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი ფიზიკურად გაუსწორდა ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც მდინარე თერგზე კამარა ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა. თავად ყაზბეგის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო და "ტყუილი" უწოდა.
გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ მერმა მოქალაქეს ჯერ განმარტება მოსთხოვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტის გამო, რის შემდეგაც ხალხის თანდასწრებით სახეში დაარტყა და დაამცირა.
გამოცემა აქვეყნებს პოსტს, რომელსაც ინციდენტამდე კაცი, რომელსაც მერი ფიზიკურად გაუსწორდა, Facebook-ზე წერდა: "ვინც ხევის მიწა-წყლის დაყიდვას არ ეთანხმება და „კამარა ჰესის“ პროექტს მხარს არ უჭერს, სამსახურებიდან გაშვებით ემუქრებიან ეს უტვინოები. არბოლებენ თავის ხელის ბიჭებსა სოფლებში. ამათი დანდობა და გათვალისწინება აღარ შეიძლება, სუყველა გამყიდველი ნაძირალა მხილებული უნდა იქნეს".
მთის ამბები წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის შესახებ ინფორმაცია აქვს ყაზბეგის პოლიციას, მომხდარზე გამოძიება ფორმალურადაც კი არ არის დაწყებული. გამოცემის ცნობით, ბაკურ ავსაჯანიშვილი, ვიდრე მას ქართული ოცნებიდან მერად აირჩევდნენ, 2012-20 წლებში ყაზბეგის პოლიციის უფროსი და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.
მთის ამბები ადგილობრივ აქტივისტებზე დაყრდნობით წერს, რომ ყაზბეგის მერი კამარა ჰესის პროექტს აქტიურად ლობირებს და მისი დავალებით ამ პროცესში ჩართულნი არიან სხვა საჯარო მოხელეებიც.
საქართველოს ხელისუფლებამ ორწლიანი პაუზის შემდეგ ყაზბეგში კამარა ჰესის მშენებლობის პროექტის განხილვა განაახლა. ადგილობრივები მშენებლობას აპროტესტებენ.
7 ოქტომბერს შაბათის ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის ინტერესების ლობირებაშია მხილებული ადგილობრივი ხელისუფლებაც, მერიის წარმომადგენლები ხეობაში, სადაც თერგი მილებში უნდა დაამწყვდიონ - კარდაკარ დადიან და მოსახლეობას ჰპირდებიან რომ ჰესის აშენების შემთხვევაში დენი უფასო ექნებათ.