"ტყუილია, რომ ხელით შევეხე მოქალაქეს" - ყაზბეგის მერი

"ტყუილია, რომ ხელით შევეხე მოქალაქეს" - ყაზბეგის მერი

ყაზბეგის მერი, ბაკურ ავსაჯანიშვილი ტყუილს უწოდებს გამოცემა მთის ამბების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან მოქალაქეს სცემა. როგორც ავსაჯანიშვილი Facebook-ზე წერს, ეს მისი საქმიანობისა და სახელის შელახვას ისახავს მიზნად

"გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკრძალვაზე ხელით შევეხე მოქალაქეს, არის ტყუილი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქმიანობისა და სახელის შელახვას ისახავს მიზნად. აქედან გამომდინარე, ყველა დაინტერესებულ მხარეს მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - წერს ავსაჯანიშვილი

გარდა ამისა, ყაზბეგის მერის თქმით, ცილისწამებაა, რომ ის კერძო კომპანიებს ლობირებს და თანამშრომლებს კონკრეტული პროექტების მხარდაჭერას აიძულებს.

"ამ ბრალდებების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. სამწუხაროდ, ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების წევრები, საკითხის თაობაზე, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და ამ მიზნით არც პროვოკაციულ ქმედებებზე იხევენ უკან", - ამბობს ის.

***

მთის ამბების ინფორმაციით, გუშინ, 21 ნოემბერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი ფიზიკურად გაუსწორდა ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც მდინარე თერგზე კამარა ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა.

გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ მერმა მოქალაქეს ჯერ განმარტება მოსთხოვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტის გამო, რის შემდეგაც ხალხის თანდასწრებით სახეში დაარტყა და დაამცირა.

გამოცემა აქვეყნებს პოსტს, რომელსაც ინციდენტამდე კაცი, რომელსაც მერი ფიზიკურად გაუსწორდა, Facebook-ზე წერდა: "ვინც ხევის მიწა-წყლის დაყიდვას არ ეთანხმება და „კამარა ჰესის“ პროექტს მხარს არ უჭერს, სამსახურებიდან გაშვებით ემუქრებიან ეს უტვინოები. არბოლებენ თავის ხელის ბიჭებსა სოფლებში. ამათი დანდობა და გათვალისწინება აღარ შეიძლება, სუყველა გამყიდველი ნაძირალა მხილებული უნდა იქნეს".

მთის ამბები წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის შესახებ ინფორმაცია აქვს ყაზბეგის პოლიციას, მომხდარზე გამოძიება ფორმალურადაც კი არ არის დაწყებული. გამოცემის ცნობით, ბაკურ ავსაჯანიშვილი, ვიდრე მას ქართული ოცნებიდან მერად აირჩევდნენ, 2012-20 წლებში ყაზბეგის პოლიციის უფროსი და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

მთის ამბები ადგილობრივ აქტივისტებზე დაყრდნობით წერს, რომ ყაზბეგის მერი კამარა ჰესის პროექტს აქტიურად ლობირებს და მისი დავალებით ამ პროცესში ჩართულნი არიან სხვა საჯარო მოხელეებიც.

საქართველოს ხელისუფლებამ ორწლიანი პაუზის შემდეგ ყაზბეგში კამარა ჰესის მშენებლობის პროექტის განხილვა განაახლა. ადგილობრივები მშენებლობას აპროტესტებენ.

7 ოქტომბერს შაბათის ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის ინტერესების ლობირებაშია მხილებული ადგილობრივი ხელისუფლებაც, მერიის წარმომადგენლები ხეობაში, სადაც თერგი მილებში უნდა დაამწყვდიონ - კარდაკარ დადიან და მოსახლეობას ჰპირდებიან რომ ჰესის აშენების შემთხვევაში დენი უფასო ექნებათ.

არა რუსულ ჰესს - შაბათის ფორმულა