მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი შაბათის ფორმულასთან საუბარში იმ ინციდენტს იხსენებს, რის საფუძველზეც მის შვილს 1.6 წლით პატიმრობა მიესაჯა. პროკურატურის მტკიცებით საქმე ბექა გრიგორიადისზე თავდასხმას ეხება.
თავად ბრალდებულის მამა ჰყვება, რომ მასსა და მის შვილს შორის კონფლიქტი უმნიშვნელო იყო და პოლიციაში მას არ განუცხადებია.
საქმე, რომელშიც ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნეს, 2021 წლის სექტემბრის ინციდენტს ეხება. შაბათის ფორმულასთან საუბარში დაკავებულის მამა აცხადებს, რომ ის ნასვამი მივიდა ყოფილი ცოლის სახლში, სადაც შვილთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რაც ფიზიკურში გადაიზარდა. საბოლოოდ კონფლიქტი მსუბუქი დაზიანებით დასრულდა.
"დანა იყო თუ მაკრატელი არ მინახავს, არც მახსოვს. მეზობელმა გამოიძახა სასწრაფო და მაგას მოჰყვა პოლიცია. კიბოიანი დედა მყავდა და მანქანაში ვიჯექი, პირველი სართულიდან გამოიძახა სასწრაფო. ლაზარეს დაკითხვაზე ჩვენებაზე შედგა ყველაფერი - მოყვა როგორც იყო. მეგონა მეუღლე სახლში იყო და ვნახავდი. იმ დღის წასულა იტალიაში და არ ვიცოდი. ამან რომ იძახა წადი და წადი . სიმამრმა გამოიხედა რა ხდებაო. ამ მომენტში რომ ავდიოდით სადარბაზოში მოხდა ეს ინციდენტი. არ უნდა ამ ბავშვს ამ სახლში შევსულიყავი. დაჭრაც არ იყო, მიჩხვლიტა - წადი აქედანო", - ამბობს ბექა გრიგორიადისი.
25 სექტემბერს, მამის დაჭრის საქმეზე სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.