საზოგადოებრივი მაუწყებლიდან "რეალური სივრცის" 5 თანამშრომელი გაათავისუფლეს

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან "რეალური სივრცის" 5 თანამშრომელი გაათავისუფლეს

პირველი არხიდან გადაცემა "რეალური სივრცის" 5 თანამშრომელი, პროდიუსერი, რედაქტორი და ჟურნალისტები გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ არხის ყოფილი ჟურნალისტი, ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი ფორმულასთან ადასტურებს.

მისი თქმით, პროდიუსერმა ქეთი კაპანაძემ, რედაქტორმა ტუხა კვინიკაძემ, თანაწამყვანმა სოსო კაციტაძემ, ჟურნალისტებმა თამარ მშვენიერაძემ და ომარ წოწორიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის შეთავაზებაზე, გადანაწილებულიყვნენ სხვადასხვა სახლის პლატფორმაზე, უარი თქვეს, რაც 13 მაისს მათი გათავისუფლების მიზეზი გახდა.

ივანოვ-ჩიქოვანი ასევე არ გამორიცხავს, რომ მენეჯმენტმა მათ გაუარესებული პირობები მიზანმიმართულად შესთავაზა, რადგანაც იცოდნენ, რომ "რეალური სივრცის" თანამშრომლები ამას არ დათანხმდებოდნენ.

"ორს ვერ უწყვეტენ კონტრაქტს, რადგანაც ისინი დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებიან. დანარჩენ ხუთს კი შესთავაზეს გაუარესებული პირობები, ვიდრე აქამდე ჰქონდათ. თავად ეს "რეალური სივრცე", როგორ ჩანს, არხისთვის აღარ არის პრიორიტეტული. აღარ შესთავაზეს მათ იმის თანაზომადი რაღაც, რასაც აქამდე აკეთებდნენ.

როგორც ვიცი, წაუყენეს ერთგვარი ულტიმატუმი, ან დათანხმებოდნენ, ან 8 მაისს, კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ წასვლა მოუწევდათ. ცხადია, ისინი არ დათანხმდნენ.

შეიძლება მიზანმიმართულიც იყო ისეთი პირობების შეთავაზება, რომლებზეც მენეჯმენტში იცოდნენ რომ ისინი უარს განაცხადებდნენ", - განუცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა ფორმულას.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან 11 აპრილს გაათავისუფლა, კიდევ 4 თანამშრომლის: რეალური სივრცის კორესპონდენტისა და წამყვანის, თამარ მშვენიერაძისა და იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ კი სხვა სახის დისციპლინური სანქცია გამოიყენა.

თინათინ ბერძენიშვილმა მათ "მაუწყებლობის სარედაქციო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებითა და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების" გამო საყვედური გამოუცხადა და თანამშრომლები 12 თვის განმავლობაში "ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში" შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა.

ტელევიზიის შეფასებით, "მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და სამართლებრივად დასაბუთებული".