ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის 2 ფიგურანტის ჩვენებები უკვე დევს საქმის მასალებში. გულადი შეთეკაურისა და ირაკლი ელისაშვილის გამოკითხვის ოქმები 18 ივლისით თარიღდება.
მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებულ თავდასხმაში მონაწილე ორი ფიგურანტი გარდაბნის რაიონ სოფელ გამარჯვებაში ცხოვრობს. ორივე ამტკიცებს, რომ თბილისში, ლისის ტბაზე სამსახურის საძებნელად ჩამოვიდნენ და სწორედ მაშინ, მეტრო დელისთან შემთხვევით შეხვდნენ მიშა მშვილდაძეს.
გულადი შეთეკაური გამოკითხვის ოქმში წერს, რომ მიშა მშვილდაძის დანახვისას შეურაცხმყოფელი სიტყვები "შეგნებულად, ხმამაღლა წარმოთქვა", რათა მიშა მშვილდაძეს გაეგო.
"ბრიგადირი გიორგი ლისზე არ დაგვხვდა. 1 საათის მანძილზე ვიცდიდით, მაგრამ არ მოვიდა, მეტხანს მოცლა აღარ შეგვეძლო, ვინაიდან ხდებოდა 20:00 საათი და დროულად უნდა გავსულიყავით ნავთლუღში, რადგან ბოლო სამარშრუტო ტაქსი სოფელ გამარჯვებისკენ 21:00 საათზე გადიოდა. [...] მიხეილ მშვილდაძე სისტემატურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას სასულიერო პირებსა და ზოგადად ჩემს რელიგიას, ამის გამო, მის მიმართ გამაჩნია მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება. როდესაც შევნიშნე, შევჩერდი და ირაკლის მივმართე, ნახე, ვინ გაიჩითა, ეკლესიის მაგინებელი, თვითონ საგინებელი კაცი მეთქი. აღნიშნული ფრაზა შეგნებულად წარმოვთქვი ხმამაღლა, რადგან მსურდა მიეღწიე ადრესატამდე", - ნათქვამია შეთეკაურის ჩვენებაში.
კარფურიდან მოპოვებული ჩანაწერებით ჩანს, რომ ირაკლი ელისაშვილი ერთ-ერთია, რომელიც ძალადობის ფაქტს საკუთარი მობილურით იღებს, თუმცა ჩვენებაში ელისაშვილი ამტკიცებს, რომ ვიდეოს გადაღება ვერ შეძლო.
"ლისის ტბიდან ჩამოვედი ვაჟა-ფშაველას ნომერ 1 ჩიხში, არ მახსოვს თუ რა საშუალებით ჩამოვედით, ვინაიდან ალკოჰოლური თრობის ქვეშ ვიყავი და მიჭირს გახსენება. გულადიმ ხელით მანიშნა იქვე გამწვანებულ ზოლში მოძრავ პიროვნებაზე და მიაყოლა ფრაზა - ნახე ეს ეკლესიის მაგინებელიო. ასევე მიაძახა შეურაცხმყოფელი სიტყვები. ამოვიღე ჩემი კუთვნილი მობილური ტელეფონი, მსურდა ვიდეოკადრებზე დამეფიქსირებინა ეს ყოველივე, ასევე, ტელეფონი მეკავა ხელში, როდესაც მას უკან მივყვებოდით და ვცდილობდი მისთვის გადამეღო ვიდეო, თუმცა როგორც შემდგომში აღმოვაჩინე, ჩაწერის ღილაკისთვის ხელი არ მქონდა დაჭერილი, აქედან გამომდინარე, ვერანაირი ვიდეო ან ფოტო გადაღება ვერცერთ მომენტში მოვახერხე", - აღნიშნულია ელისაშვილის ჩვენებში.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო სამსახურმა გულადი შეთეკაურისა და ირაკლი ელისაშვილის ტელეფონები შესწავლის მიზნით დალუქა.
ჯგუფური თავდასხმის მონაწილე პირების ჩვენებებში ფაქტობრივ შეუსაბამობებს ხედავს დაზარალებული მიშა მშვილდაძე. მიშა მშვილდაძე საქმის მასალებს ბოლოს გასულ პარასკევს გაეცნო და ნახა, რომ საგამოძიებო სამსახურმა გიორგი მუმლაძეც გამოკითხა. დადასტურდა ფორმულას ინფორმაცია, რომ გიორგი მუმლაძე სუს-ის თანამშრომელია.
სუს-ის თანამშრომელი გიორგი მუმლაძე ამტკიცებს, რომ თავდასხმის ადგილის მიმდებარედ არა მშვილდაძეს, არამედ სხვა ადამიანს უთვალთვალებდა. მიშა მშვილდაძე მუმლაძის ამ ჩვენებას თავად გაეცნო, თუმცა ჩვენების ასლი მას არ გადასცეს.
ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
28 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა. ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. 29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.
5 ივლისს, ფორმულამ გაარკვია, რომ მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.