"ამერიკის შეერთებულ შტატებში ოქროს ხანა სწორედ ახლა იწყება", - ასე დაიწყო სიტყვით გამოსვლა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფიცის დადებისა და ქვეყნის 47-ე პრეზიდენტად ოფიციალურად გახდომის შემდეგ.
"ამერიკის შეერთებული შტატების ოქროს ხანა სწორედ ახლა იწყება. დღეიდან ჩვენი ქვეყანა აყვავდება და კვლავ პატივისცემას დაიმსახურებს მთელი მსოფლიოსგან. ყველა ქვეყანას შეშურდება და ვეღარავინ ისარგებლებს ჩვენით.
ჩვენი უსაფრთხოება აღდგება და სამართლიანობის სასწორი დაბალანსდება. დასრულდება იუსტიციის დეპარტამენტისა და ჩვენი მთავრობის სასტიკი, ძალადობრივი და უსამართლო გამოყენება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება ამაყი, წარმატებული და თავისუფალი ერის შექმნა. ამერიკა მალე გახდება უფრო დიდი, ძლიერი და გამორჩეული, ვიდრე ოდესმე ყოფილა", - თქვა დონალდ ტრამპმა.
სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა თქვა, რომ პრეზიდენტად დაბრუნდა უფრო "დარწმუნებული და ოპტიმისტურად განწყობილი".
"პრეზიდენტად დავბრუნდი დარწმუნებული და ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ჩვენ ვართ ეროვნული წარმატების ახალი, ამაღელვებელი ეპოქის დასაწყისში. ცვლილებების ტალღა მოიცავს ქვეყანას, მზის შუქი მთელს მსოფლიოში იღვრება და ამერიკას აქვს შანსი, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, როგორც არასდროს", - თქვა მან.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ში ყველაფერი "დღეიდან და ძალიან სწრაფად შეიცვლება".
"ჩემი ბოლო არჩევები - ეს მანდატია იმაზე, რომ მთლიანად გავაუქმო საშინელი ღალატი და ყველა ეს მრავალრიცხოვანი ღალატი, რომელსაც ჰქონდა ადგილი და დავუბრუნო ხალხს რწმენა, სიმდიდრე, დემოკრატია, და რაც მთავარია, თავისუფლება. ამ მომენტიდან ამერიკის დაცემა დასრულდა", - თქვა დონალდ ტრამპმა.
სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ასევე თქვა რომ დღესვე მოაწერს ხელს "ისტორიული ბრძანებების სერიას, რომელიც საფუძველს დაუდებს ამერიკის სრულ აღორძინებასა და საღი აზრის რევოლუციას".
"მე დღეს ხელს მოვაწერ ისტორიულ აღმასრულებელ ბრძანებებს. ეს ქმედებები საფუძველს დაუდებს ამერიკის აღორძინებას და საღი აზრის რევოლუციას", - თქვა მან.
დონალდ ტრაპმა ასევე სიტყვით გამოსვლის დროს გამოაცხადა თავისი განზრახვა, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
ამასთან, დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მექსიკის ყურეს სახელს შეუცვლის და ამერიკის ყურეს დაარქმევს.
დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას "პირობა დადო", რომ იქნება "მშვიდობის შემქმნელი და გამაერთიანებელი" და თქვა, რომ ეს მისი ყველაზე საამაყო მემკვიდრეობა იქნება.
"როგორც 2017 წელს, ჩვენ ავაშენებთ ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალებს, რაც სამყაროს უნახავს. ჩვენ გავზომავთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც დავასრულებთ და რაც მთავარია, რომელშიც არ ჩავერთვებით", - თქვა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს მთავრობას "არ შეუძლია მარტივი კრიზისების მართვა ქვეყნის შიგნით, ამავდროულად კი, ებმება კატასტროფულ მოვლენებში საზღვარგარეთ".
"[ჩვენი მთავრობა] ვერ იცავს ჩვენს შესანიშნავ კანონმორჩილ ამერიკელ მოქალაქეებს, მაგრამ თავშესაფარსა და დაცვას სთავაზობს საშიშ კრიმინალებს, რომელთაგან ბევრი ციხეებიდან და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდანაა და უკანონოდ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან", - თქვა დონალდ ტრაპმა.
ამასთან, სიტყვით გამოსვლის დროს დონალდ ტრაპმა თქვა, რომ მიმდინარე კვირაში დაასრულებს სამთავრობო პოლიტიკას, რომელიც ცდილობს რასისა და გენდერის სოციალურ ინჟინერიას საჯარო და პირადი ცხოვრების ყველა ასპექტში.
"ჩვენ შევქმნით საზოგადოებას, რომელიც არ განასხვავებს კანის ფერის მიხედვით და მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობების და დამსახურების საფუძველზე სცემს ადამიანებს პატივს. კიდევ ერთხელ, აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – ქალი და კაცი", - თქვა მან.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. ის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.
დონალდ ტრამპმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის ჯონ რობერტსის წინაშე დადო.
"მე, დონალდ ტრამპი, საზეიმოდ ვფიცავ, რომ ერთგულად აღვასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ძალას არ დავიშურებ იმისათვის, რომ შესაძლებლობების ფარგლებში დავიცვა და აღვასრულო აშშ-ის კონსტიტუცია", - თქვა დონალდ ტრამპმა ფიცის დადების დროს.
ფიცის დადების ცერემონია უამინდობის გამო კაპიტოლიუმის შენობაში გაიმართა. კაპიტოლიუმის შენობაში ფიცის დადების ცერემონია ბოლოს 1985 წელს რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დროს ჩატარდა.
კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის ინაუგურაციას 2 600-მდე ადამიანი დაესწრო.