თბილისის მერი, კახა კალაძე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაში ცუდს ვერაფერს ხედავს და სვამს კითხვას - "რა არის ცუდი ამაში?". ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციაზე დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა.
"ჩვეულებრივი ფარისევლები არიან, ჩვენ ხომ გვახსოვს მათი განცხადებები, იგივე ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით, რა არის ცუდი ამაში, თუ პირდაპირი ფრენები იქნება?! თუ ადამიანი ერევნის გავლით ან სხვა ქვეყნის გავლით ჩვეულებრივ შემოდიოდა საქართველოში, თუ პირდაპირი ფრენით შემოვა, ცუდი რა არის ამაში? ჩვენ ხომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში - თუ მათ ექნებათ შესაძლებლობა, პირდაპირ ჩამოვიდნენ საქართველოში, ცუდი რა არის ამაში?", - განაცხადა მან.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
19 მაისს პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.
რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут-მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის.
რუსეთში იფრენს ქართული ავიაკომპანიაც - Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან 16 მაისს მიიღო და პირველი რეისი გუშინ, 20 მაისს შეასრულა.