"ყველას ავირჩევდით, ფიზიკურ გადარჩენაზე იყო უკვე საუბარი" - მდინარაძე სებ-ის კანდიდატებზე

"ყველას ავირჩევდით, ფიზიკურ გადარჩენაზე იყო უკვე საუბარი" - მდინარაძე სებ-ის კანდიდატებზე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა "გადარჩა" იმით, რომ მმართველმა გუნდმა გუშინ სებ-ის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ 2 კანდიდატს მხარი დაუჭირა.

მდინარაძის თქმით, ვინც არ უნდა წარმოედგინა პრეზიდენტს სებ-ის საბჭოს კანდიდატებად ყველას აირჩევდნენ, რათა ეს "საბოტაჟის ნაწილი არ გამხდარიყო".

"ინსტიტუტი გადარჩა. ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა გადარჩა. ჩვენ მოგვიწია იმის აღიარებაც, გულწრფელად გეუბნებით, რომ ვინც არ უნდა წარმოედგინა ქალბატონ სალომეს, ოღონდ საბოტაჟის ნაწილი არ გამხდარიყვნენ ეს ადამიანები, ყველას ავირჩევდით, იმიტომ რომ ფიზიკურ გადარჩენაზე იყო უკვე საუბარი, ასეთი მდგომარეობა დააყენეს და შეხედეთ, რომ 3 თანამდებობის პირი, რომელზეც ეს იყო დამოკიდებული, სამივე ერთ დღეს გაწიეს გვერდზე. ეს ფაქტია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

21 სექტემბერს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა. ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს უმრავლესობის 82-მა წევრმა.

მანამდე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი 2 კანდიდატისთვის - ნანა ყეინიშვილისთვის და თეიმურაზ ხომერიკისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა, სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი უარს აცხადებს კანდიდატების წარმოდგენაზე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა კანდიდატურები უკვე წარმოადგინა და მათი გაწვევის მექანიზმი კანონში არ არსებობს.

იმის მიუხედავად, რომ კომიტეტმა აღნიშნულ კანდიდატებს განხილვაზე მხარი არ დაუჭირა და პლენარულ სხდომას თავისი უარყოფითი დასკვნა წარუდგინა, უმრავლესობამ საკითხს კენჭი მაინც უყარა.

***

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები 14 სექტემბერს წარუდგინა.

გუშინ გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა უნდა გადადგეს და მის მიერ მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკი სამივე ვიცეპრეზიდენტმა დატოვა.