ყვარელში ცივი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს, მათ შორის 1 პოლიციელია

ყვარელში ცივი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს, მათ შორის 1 პოლიციელია

შსს-ის განცხადებით, ყვარელში ცივი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს, რომელთაგან ერთ-ერთი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომელია.

უწყების ცნობით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყვარელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, 1984 წელს დაბადებულ რ.მ. - ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მომხდარ დაპირისპირებას შეესწრო და ვითარების განმუხტვა სცადა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომელმა 1983 წელს დაბადებულმა ე.მ. -მ, რომელიც ბრალდებულმა, ასევე, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ", - აცხადებს შსს.

დამნაშავე დაკავებულია. მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა ედება.

დაკავებულს თავისუფლების 13 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.