"ყურადღების გადატანის მცდელობაა" - ღარიბაშვილის თქმით, ზურაბიშვილს ვიზიტზე ნებართვას მისცემს

"ყურადღების გადატანის მცდელობაა" - ღარიბაშვილის თქმით, ზურაბიშვილს ვიზიტზე ნებართვას მისცემს

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა დაუკმაყოფილებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელში ვიზიტზე განაცხადს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადება "ძალიან უხერხული, არასერიოზულია და არ იმსახურებს ამხელა ყურადღებას".

"ძალიან უხერხულია ამ თემებზე საუბარი, ეს არის ტექნიკური საკითხები, რომლებსაც წყვეტს ადმინისტრაციები ერთმანეთთან, ამის საჯაროდ გამოტანა ვფიქრობ, არასერიოზულია, უადგილოა და საერთოდაც, ვფიქრობ, არ იმსახურებს ამხელა ყურადღებას. რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი ეს განაცხადი, რომელიც შემოიტანა და თქვა, რომ ევროპარლამენტში ჰქონდა დაგეგმილი, მანამდე ელოდებოდნენ, არ წავიდა, ჩვენ დაგვაბრალა, მაგრამ ჩვენ ამის თაობაზე გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ გაცემული გვქონდა თანხმობა, ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა. არაფერი არ ხდება, ჩვენ ვმუშაობთ და მთავარია ის ძირითადი საქმეები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ", - თქვა ღარიბაშვილმა.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობას ნებართვა ისევ არ გაუცია - ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და მიუთითებს, რომ მათ მთავრობას 27 აპრილს მიმართეს.

"15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა. 27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია", - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს. ზურაბიშვილს ვიზიტი თავდაპირველად 18 აპრილს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა გადაიდო. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოგვიანებით განმარტა, ვიზიტის გადადების მიზეზი "მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესი" იყო.