ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებზე დონალდ ტრამპს მხარს არ დაუჭერს.
"გასაკვირი არაა, რომ წელს დონალდ ტრამპს მხარს არ დავუჭერ", - განუცხადა პენსმა Fox News Channel-თან ინტერვიუს დროს.
პენსი შიდაპარტიულ არჩევნებში ტრამპის კონკურენტი იყო, თუმცა კანდიდატურაზე უარი მან ჯერ კიდევ გასულ წელს კენჭისყრის დაწყებამდე თქვა. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენები და სხვა რესპუბლიკელი ოფიციალური პირები ტრამპის გარშემო გაერთიანდნენ, არიან ადამიანები, მათ შორის ტრამპის ყოფილი ადმინისტრაციიდან, რომლებიც მას მხარს არ უჭერენ.
ამ კვირაში დონალდ ტრამპმა პარტიული ყრილობისთვის დელეგატების საკმარისი რაოდენობა მიიღო, რაც საშუალებას მისცეს წლევანდელ არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად დასახლდეს. ვინ იქნება მისი ვიცე-პრეზიდენტი ჯერჯერობით უცნობია.
მაიკ პენსი ვიცე-პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში იყო და მის ერთ-ერთ ერთგულ დამცველადაც მიიჩნეოდა. პენსისა და ტრამპის ურთიერთობები 2020 წლის არჩევნების დროს დაიძაბა, როდესაც ტრამპი უარს ამბობდა, შედეგები და წაგება ეღიარებინა.
2021 წლის 6 იანვარს პენსი ვიცე-პრეზიდენტის რანგში სენატის თავმჯდომარის როლს ასრულებდა და კონგრესში ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებას ადევნებდა თვალს. კაპიტოლიუმზე იერიშის დროს ტრამპის მხარდამჭერები ყვიროდნენ: "ჩამოკიდეთ მაიკ პენსი". დონალდ ტრამპისგან განსხვავებით მაიკ პენსი ჯო ბაიდენის ინაუგურაციასაც დაესწრო.
Fox-თან ინტერვიუში პენსმა თქვა, რომ "წარმოუდგენლად ამაყობს" ოფისში მისი და ტრამპის წარმატებებით, მაგრამ დაამატა: "საკუთარი საარჩევნო კამპანიის დროს ნათლად განვაცხადე, რომ ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის არსებობს ღრმა განსხვავებები რიგ საკითხზე, და ეს არაა განსხვავებები მხოლოდ ჩემს კონსტიტუციურ მოვალეობებთან დაკავშირებით, რომელიც მე 6 იანვარს განვახორციელე".
ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა უარი განაცხადა, ეთქვა ვის მისცემდა ხმას, თუმცა ნათლად დააფიქსირა, რომ ეს მოქმედი პრეზიდენტი ბაიდენი არ იქნება:
"არასდროს მივცემ ხმას ჯო ბაიდენს. რესპუბლიკელი ვარ".