ყაველაშვილი: მადლობა პოლიციელებს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რომ იცავენ მოქალაქეებს

ყაველაშვილი: მადლობა პოლიციელებს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რომ იცავენ მოქალაქეებს

ოცნების პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პოლიციას მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ქვეყანაში წესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენი ქვეყნის სამსახურში დაუღალავად ყოფნისთვის, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის ძალებს, უკლებლივ ყველა ჯარისკაცს, ასე ღირსებით და ამაყად რომ ატარებენ სამხედრო ფორმას, თითოეულ პოლიციელს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რომ იცავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და წესრიგს ქვეყანაში. მადლობა მეხანძრე-მაშველებს თავდაუზოგავი შრომისთვის. დიდი მადლობა ღირსეულ, პატრიოტ საჯარო მოხელეებს, რომლებიც პატიოსნად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და უზრუნველყოფენ სახელმწიფოს გამართულ ფუნქციონირებას; მადლობა ექიმებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად", - აღნიშნა ყაველაშვილმა.

დღეს, 4 თებერვალს ოცნების პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა - სხდომა 28 წუთში დასრულდა, რადგან ყაველაშვილის მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოსვლის მსურველები არ იყვნენ.

პარალელურად, პარლამენტის შენობის გარეთ საპროტესტო აქცია იმართებოდა. დემონსტრანტები გამოცემა ბათუმელების ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელისა და სინდისის სხვა პატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო - როგორც ცნობილია, პოლიციელებმა ტერიტორიიდან ორი პირი გაიყვანეს.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა პროტესტის გაგრძელება პარლამენტის გვერდით მდებარე 9 აპრილის ქუჩაზე გადაწყვიტეს, თუმცა ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით შეაჩერა.