საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სერუჟნე უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებას განმარტავს და ამბობს, რომ შესაძლოა, ფრანგი სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნა საჭირო იყოს, თუმცა არა რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.
"უნდა განვიხილოთ ახალი ნაბიჯები უკრაინის მხარდასაჭერად. ეს უნდა პასუხობდეს კონკრეტულ საჭიროებებს. ვგულისხმობ განაღმვით სამუშაოებზე, კიბერთავდაცვაზე, იარაღის წარმოებას უკრაინის ტერიტორიაზე"- თქვა სერჟუნემ.
მისივე თქმით, "ზოგიერთი ქმედება შეიძლება მოითხოვდეს უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნას, თუმცა ბრძოლის ზღვრის გადალახვის გარეშე. ასეთი იყო და არის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოზიცია".
დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. მისი თქმით, არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
მოგვიანებით, კრემლში განაცხადეს, რომ თუ NATO უკრაინაში ჯარებს გაგზავნის, რუსეთთან შეტაკება გარდაუვალი იქნება. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, NATO-ს წევრ ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი შეტაკება ალიანსის ინტერესებში არ შედის.
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.