ფორმულას ვაშინგტონის ბიუროს ინფორმაციით, ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი აქტიურად მუშაობს კიდევ ერთ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც გულისხმობს სანქციებს ქართული ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში და ასევე, მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს.
საკანონმდებლო ინიციატივას "ქართველი ხალხის აქტი" ერქმევა.
ფორმულას წყარო აცხადებს, რომ გარდა სანქციებზე ჩანაწერებისა, ტექსტი მოიცავს მყარ გარანტიებს იმისთვის, რომ ვაშინგტონის დახმარება ქართველი ხალხისადმი ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ევროინტეგრაციებისთვის უფრო ფართომასშტაბიანი იყოს.
ფორმულისთვის ცნობილია, რომ სენატში ორპარტიული საკანონმდებლო ინიციატივა ამ ხუთშაბათს იქნება რეგისტრირებული. ეს არის საფუძველი, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაიწყოს საკომიტეტო განხილვა.
გარდა ამისა, 20 მაისს ცნობილი გახდა, რომ მზადდება კიდევ ერთი საკანონმდებლო აქტი, რომლის წარდგენასაც აშშ-ის კონგრესში კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ აპირებს და რომელიც სანქციებს ითვალისწინებს.
POLITICO-მ მოიპოვა დოკუმენტი, რომლის თანახმად, სანქციები პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების გარდა, სამართალდამცავ ორგანოებზეც გავრცელდება.