სოფელ კაბალში მერის წარმომადგენელს, ასიფ მამედოვს მუქარის და ძალადობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. მოქალაქე ისკო ისმაილოვი ფორმულასთან ჰყვება, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ვიდეოს სოციალურ ქსელში განთავსების გამო, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
საუბარია ვიდეოზე, სადაც ის მბობს, რომ 7 სექტემბერს კახეთში მომხდარმა სტიქიამ მის საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა, რის შემდეგაც მასთან დასახმარებლად არავინ მისულა.
"მე თავად გადავწყვიტე, რა სახსრებიც მქონდა, გამერემონტებინა ჭერი, თუმცა სრულად ვერ მოვახერხე და სახლში წყალი მაინც ჩამოდიოდა. ამის შემდეგ გამოჩნდნენ ჩემთან სახლში მერიის წარმომადგენლები, ჩაინიშნეს ჩემი პრობლემა, თუმცა მას მერე არც დასახმარებლად და არც ამბის გასაგებად არავინ მოსულა. ეს მთავრობა ხალხთან მაშინ მიდის, როცა არჩევნებში ხმა სჭირდებათ, მაგრამ როცა მოსახლეობას პრობლემა აქვს, არავინ აქცევს ყურადღებას", - ამბობდა ისკო ისმაილოვი.
ჰყვება, რომ ვიდეოს ჩაწერის შემდეგ, მასთან სამსახურში 3 ადამიანი მივიდა, რომელთაგან ერთ-ერთი სოფლის გამგებლის დეიდაშვილია. მისი თქმით, წაიყვანეს ტყეში და ვიდეოს წაშლა, ახალი ვიდეოს დადება და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. ისმაილოვის განცხადებით, ამაზე უარი თქვა, რის შემდეგაც შვილით დაემუქრნენ.
"გადმოვიდნენ მუქარაზე და მითხრეს, რომ ამის გამო ბოლო მომეღებოდა, მომკლავდნენ და რომ ჩემს წლინახევრის შვილზეც მეფიქრა. შვილზე რომ დამემუქრნენ, შემეშინდა, ვიდეო წავშალე, თუმცა შემდეგ ისევ დავდე. მეუბნებოდნენ, ასიფას დონის შენ არ ხარ და ვის ეჭიდავები, უნდა იცოდეო. ისეთ ხალხს ვიცნობთ, რომ წუთებში გაგაქრობენო", - ამბობს ისმაილოვი ფორმულასთან.
მოქალაქე დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ როგორც თავად, ასევე, მისი ოჯახიც საფრთხეში არიან.
ფორმულა ესაუბრა 3 პირიდან ერთ-ერთს, რომელიც ისმაილოვის თქმით, ემუქრებოდა. ის ადასტურებს, რომ ვიდეოს ავტორს ნამდვილად შეხვდნენ, თუმცა ამტკიცებს, რომ სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებიან.
"შევხვდით და წავიყვანეთ სასაუბროდ, მაგრამ სიცოცხლის მოსპობით არ დავმუქრებივართ, უბრალოდ, გვინდოდა, აგვეხსნა, რომ არასწორ საქციელს სჩადიოდა, ეს იყო და ეს", - ამბობს ის.
ლაგოდეხების მერი ჯონდო მდივნიშვილი კი ფორმულასთან ამბობს, რომ "აღნიშნული პიროვნება სპეციალისტია და დროებით ასრულებს წარმომადგენლის მოვალეობას". მისი თქმით, ასეთი ფაქტის შესახებ აქამდე არ სმენია და "თუ მსგავს რამეს ჰქონდა ადგილი", მოქალაქემ "უნდა მიმართოს შესაბამის უწყებას".