ფლანგვა: 2024 წელს ყურძენს სულ 23 კომპანია ჩაიბარებს, აქედან 11 ოცნებასთანაა დაკავშირებული

ფლანგვა: 2024 წელს ყურძენს სულ 23 კომპანია ჩაიბარებს, აქედან 11 ოცნებასთანაა დაკავშირებული

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, მთავრობამ 2024 წელს შესყიდული ყურძნის გადასამუშავებლად 9 მილიონამდე დახარჯა - აქედან 5.5 მილიონი ქართული ოცნების შემომწირველმა ან მასთან დაახლოებულმა კომპანიებმა მიიღეს.

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, რთვლის სუბსიდირების პროგრამით დაფინანსებული 23 კომპანიიდან 4 უკრაინის მიერ სანქცირებული ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიაა. ვახტანგ კარიჭაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორია. საერთო ჯამში ვახტანგ კარიჭაშვილის 4-მა კომპანიამ 2024 წელს ყურძნის გადამუშავების მომსახურების ფარგლებში ყველაზე მეტი 3 220 000 ლარი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, ჯამში 35 შესყიდვიდან 20 შესყიდვა ოცნების შემომწირველ ან მათთან დაახლოებულ კომპანიებთან გაფორმდა.

სიაში მოხვდნენ ქართული ოცნების შემომწირველი კომპანიები:

სს თელავის ღვინის მარანი – კომპანიამ 181 000 ლარი მიიღო. ქართული ოცნების შემომწირველია კომპანიის დირექტორი ზურაბ რამაზაშვილი, რომელმაც 2017-2023 წლების განმავლობაში ოცნებას ჯამში 150 000 ლარი შესწირა.

შპს ბარაკონი – 35 000 ლარი მიიღო. კომპანიის 34% მესაკუთრემ ვაჟა ღვალაძე ქართულ ოცნებას 2020 წელს 60 000 ლარი შესწირა, ხოლო კიდევ ერთმა მესაკუთრემ დავით თოფურიძემ 2018 წელს ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს შესწირა 50 000 ლარი.

შპს ბერიკა – კომპანიის ორივე მესაკუთრე მამუკა გვალია და ლაშა რევაზიშვილი ქართული ოცნების შემომწირველია. მათ ჯამში ოცნება 41 400 ლარი შესწირეს. აღსანიშნავია, რომ თითოეულმა 20 000 ლარი შესწირა 2024 წლის 6 სექტემბერს. მოსავლის მართვის კომპანიამ მათთან ხელშეკრულებას ხელი მომდევნო დღეს 7 სექტემბერს მოაწერა. ამ ხელშეკრულების შედეგად კომპანიამ 180 000 ლარი მიიღო.

შპს ყვარლის სარდაფი – ქართული ოცნების შემომწირველია კომპანიის დირექტორი ვაჟა ღვალაძე. მან ოცნებას 2020 წელს 60 000 ლარი შესწირა. კომპანიამ 2024 წელს ყურძნის გადამუშავებისთვის 1 360 000 ლარი მიიღო.

შპს შალვინო – კომპანიის მესაკუთრეებმა შალვა და ლევან გვარამაძეებმა ოცნებას 2020 წელს ჯამში 30 000 ლარი შესწირეს. კომპანიამ ყურძნის გადამუშავებისთვის 90 000 ლარი მიიღო.

შპს წინანდალი – XXI საუკუნის საუკეთესო ღვინოები – კომპანიის 100% მესაკუთრე ზაზა ბახტურიძემ ოცნებას 2020 წელს 40 000 ლარი შესწირა. კომპანიამ ღვინის გადამუშავებისთვის 2024 წელს 421 000 ლარი მიიღო.