"საქართველოს უარი, იმოქმედოს რუსეთის აგენტის წინააღმდეგ, დასავლეთისადმი ერთგულებას ცდის" - ამ სათაურით გამოცემა FINANCIAL TIMES სტატიას აქვეყნებს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეზე და ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე წერს.
FINANCIAL TIMES წერს, რომ "საქართველოს არასათანადო ქმედებები, არ გაეყინა ანგარიშები ოთარ ფარცხალაძისთვის, რომელსაც აშშ რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებს, თბილისის დასავლეთთან კავშირის მორიგი ტესტია".
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სებ-მა სანქციების შესრულებასთან დაკავშირებით წესები შეცვალა, რასაც წინ უძღვოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გამაფრთხილებელი საჯარო განცხადება. ავტორი წერს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკმა მიღებული გადაწყვეტილებით "ფაქტობრივად დაიცვა ფარცხალაძე".
სტატიაში ბიძინა ივანიშვილისა და ოთარ ფარცხალაძის კავშირებზეც არის საუბარი და ნახსენებია ბიძინა ივანიშვილის მიერ 2016 წელს გაკეთებული განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ მისი შვილი, ბერა ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლია იყო.
აღსანიშნავია, რომ სტატიაზე მუშაობის დროს გამოცემა დაუკავშირდა როგორც ბიძინა ივანიშვილს, ასევე ოთარ ფარცხალაძეს. FINANCIAL TIMES-ის ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა არ უპასუხა თხოვნას კომენტარის გაკეთებასთან დაკავშირებით, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირება კი ვერ მოხერხდა.
FINANCIAL TIMES საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანა ბრიუსელიდან რეკომენდაციებს ელის იმასთან დაკავშირებით, მიიღებს თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, "საქართველოში პოლიტიკური გარემო დაძაბული რჩება".
სტატიაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაზეც არის საუბარი, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება.
სტატიის ავტორი წერს, რომ ნაცვლად იმისა, ხელისუფლება ევროკომისიის ანგარიშის წინ, სასამართლო და ეკონომიკურ რეფორმებზე ფოკუსირდეს, "წამოიწყო მწვავე კამპანია სავარაუდო ანტიდასავლური შეთქმულების შესახებ და მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე გამოაცხადა, რომ ხელისუფლების დამხობის მიზნით ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან გადატრიალების გეგმა გამოააშკარავა".
"მიუხედავად ამისა, საზოგადოება ძირითადად პროდასავლურია. უახლესი გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 90% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არდაწესებაზეც არის საუბარი და ნათქვამია, რომ "განსხვავებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მსურველი სხვა ქვეყნებისგან, საქართველომ უარი თქვა მიერთებოდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ".
"ამის ნაცვლად, მათ განაახლეს პირდაპირი ფრენები თბილისსა და მოსკოვს შორის, მიესალმნენ რუს ემიგრანტებს და სცადეს მიეღოთ "უცხოელი აგენტების შესახებ" რუსულ სტილში კანონი, რომელიც მიმართული იქნებოდა კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში მოყვანილია გერმანული ანალიტიკური ცენტრის ექსპერტის შეფასება, რომ ქართულ ოცნებას ღიად არ შეუძლია ზურგი აქციოს ევროპას, მაგრამ ბევრი რამ, რაც ჩანს მის ევროპულ მისწრაფებას საერთოდ არ ეხმარება.