პუტინთან ორბანის შეხვედრის გამო შოლცის კრიტიკის შემდეგ, უნგრეთმა ბერბოკის ვიზიტი გააუქმა

პუტინთან ორბანის შეხვედრის გამო შოლცის კრიტიკის შემდეგ, უნგრეთმა ბერბოკის ვიზიტი გააუქმა

უნგრეთმა გააუქმა საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსა და მის გერმანელ კოლეგას, ანალენა ბერბოკს შორის შეხვედრა, რომელიც ორშაბათს ბუდაპეშტში უნდა შემდგარიყო.

მოულოდნელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ევროკავშირის სხვა ლიდერებმა მოსკოვში ვიზიტის გამო უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი გააკრიტიკეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ბუდაპეშტში ვიზიტისას ბერბოკი გეგმავდა, პუტინთან ორბანის ვიზიტის საკითხი წამოეწია, თუმცა უნგრულმა მხარემ მოულოდნელად შეხვედრა გააუქმა.

"მოსკოვში პრემიერ ორბანის მოულოდნელი და არაკოორდინირებული ვიზიტის გათვალისწინებით, სერიოზული და გულწრფელი პირადი დისკუსია ორ საგარეო საქმეთა მინისტრს შორის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. გაუქმების გამო ვწუხვართ", - განაცხადეს სამინისტროში.

უნგრეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი საელჩო ბუდაპეშტში იყო ინფორმირებული გადადების მიზეზის შესახებ, მაგრამ უარი თქვა საჯაროდ დაესახელებინა ის.

პარასკევს ოლაფ შოლცმა, ევროკავშირის სხვა ლიდერების მსგავსად, პუტინთან შეხვედრის გამო ორბანი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის პუტინთან გაემგზავრა, როგორც უნგრეთის პრემიერმინისტრი და არა, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი.

პირველი ივლისიდან უნგრეთი როტაციული წესით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. მეორე დღესვე უნგრეთის პრემიერმინისტრი კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ორი დღის შემდეგ კი უნგრელი ლიდერი მოსკოვში გაემგზავრა.