
Media Freedom Rapid Response და მისი პარტნიორი სხვა ორგანიზაციები, მათ შორის, International Press Institute ევროპაში არებულ მედიაგარემოსთან დაკავშირებით ანგარიშს ავრცელებენ, რომელშიც შესულია ინფორმაცია საქართველოს შესახებაც.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, MapMF-მა დააფიქსირა 72 გაფრთხილება, რომელიც მოიცავდა 107 მედიასთან დაკავშირებულ პირს ან ორგანიზაციას, რაც მათი თქმით, "ასახავს ქართული ოცნების მთავრობის მიერ მედიის თავისუფლების მიმართ მზრად ზეწოლას."
მისი მიხედვით, დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა (50%, 36 გაფრთხილება) იურიდიული ინციდენტი იყო, მათ შორის 17 ჯარიმა 36 მედია პროფესიონალის წინააღმდეგ, 7 შემთხვევა დაპატიმრებისა და დაკავების, ასევე მედიის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო აქტები. დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა ჩადენილი იყო ქვეყნის სასამართლო შტოს მიერ (24), რასაც მოჰყვება მთავრობა/სახელმწიფო მოხელეები (20) და პოლიცია და სახელმწიფო უსაფრთხოების ძალები (14).
ასევე ნათვამია, რომ შეშფოთების საგანია ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევები. აღნიშნულ 6 თვეში MapMF-მა 19 ჟურნალისტზე ფიზიკური თავდასმის 8 შემთხვევა დააფიქსირა.
"ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისთვის დაუსჯელობა კვლავ ფართოდ იყო გავრცელებული, გამოძიებები ხშირად არასაკმარისია და დამნაშავეები არ არიან პასუხისგებაში მიცემულნი, განსაკუთრებით კი პოლიციელები. როგორც MFRR-ის პარტნიორები აფრთხილებდნენ, საქართველო განაგრძობს სვლას სრულად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმისკენ, რადგან მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აძლიერებს ძალისხმევას მედიის თავისუფლების შესარყევად და დამოუკიდებელი ხმების გასაჩუმებლად", - წერია ანგარიშში.
Media Freedom Rapid Response ასევე ახსენებს მზია ამაღლობელის პატიმრობის საკითხსაც. ანგარიშში წერენ, რომ ამაღლობელის ჯანმრთელობა მისი პატიმრობის დროს მნიშვნელოვნად გაუარესდალ, ხოლო ბრალი, რის გამოც ჟურნალისტი ციხეში ზის განიხილება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.
მათივე თქმით, ამაღლობელი და მისი მედიაორგანიზაციები ხშირად იყვნენ ცილისმწამებლური კამპანიებისა და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლები.
"ორი ცნობილი დამოუკიდებელი მედიასაშუალების დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, უკანონოდ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში იანვარში მისი დაპატიმრების შემდეგ, რა დროსაც მისი ჯანმრთელობა და მხედველობა საშიშად გაუარესდა. ამაღლობელს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსით პოლიციელზე თავდასხმისთვის — ბრალდება, რომელიც ფართოდ განიხილება, როგორც გადამეტებული და პოლიტიკურად მოტივირებული — რამაც შეიძლება გამოიწვიოს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. 14 ივლისის მოსმენაზე, ამაღლობელმა ისაუბრა დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელიც მან გადაიტანა 11 და 12 იანვარს მისი დაპატიმრებისას. მისი დაპატიმრების შემდეგ, ამაღლობელი და მისი მედიაორგანიზაციები დგას ცილისმწამებლური კამპანიების, დამამცირებელი მოპყრობისა და ეკონომიკური სანქციების წინაშე. MFRR-ის პარტნიორები მუდმივად მოუწოდებდნენ ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ. აგვისტოში, ამაღლობელს მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, თითქმის შვიდი თვის უკვე მოხდილი სასჯელით", - წერია ანგარიშში.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია "ოცნების" რეპრესიულ კანონებზე. კერძოდ, საუბარია ე.წ. ფარას, გრანტების შესახებ, მაუწყებლობის შესახებ და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონებზე.
მაუწყებლობის შესახებ კანონზე საუბრისას ხაზგასმულია, რომ საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიას საშუალება ეძლევა "იმოქმედოს როგორც მთავრობის ცენზორმა მედიასაშუალებების გასაჩუმებლად."
ასევე მოხსენიებულია ის საჩივრები, რომელებიც კომუნიკაციების კომისიაში "ოცნებამ" ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ შეიტანა ისეთი ფრაზებისთვის, როგორებიცაა "ივანიშვილის პარლამენტი", "ივანიშვილის პრეზიდენტი" და ა.შ.
"ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომელიც ძალაში შევიდა 1 ივნისს, გააფართოვა საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის (GNCC) უფლებამოსილება, დაარეგულიროს ფაქტობრივი სიზუსტე, სამართლიანობა და კონფიდენციალურობა — რაც ადრე თვითრეგულირებით ხდებოდა. GNCC-ს ახლა შეუძლია დააწესოს ჯარიმები წლიური შემოსავლის 3%-მდე ან გააუქმოს მაუწყებლის ლიცენზია ახალი წესების დარღვევისთვის. ეს ცვლილებები GNCC-ს აძლევს უფლებას იმოქმედოს როგორც მთავრობის ცენზორმა კრიტიკული მედიასაშუალებების გასაჩუმებლად. მაუწყებლობის შესახებ კანონში ახალი ცვლილებების გამოყენებით, ხელისუფლებამ უკვე შეიტანა საჩივრები Formula TV-სა და TV Pirveli-ს წინააღმდეგ GNCC-ში", - წერს Media Freedom Rapid Response.
ანგარიშში ასევე მოხსენიებულია ე.წ. კანონი ცილისწამების შესახებ, რომელსაც "ოცნება"კრიტიკოსების გასაჩუმებლად იყენებს.
ამასთანავე, ყურადღება გამახვილებულია იმ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტებს სასამართლოების დარბაზებში, დერეფნებსა და ეზოებში გადაღების უფლება აეკრძალათ.
"26 ივნისს, ქართული ოცნების მთავრობამ მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები კანონში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ცვლილებებმა ცილისწამება კანონში ასახა, როგორც „განცხადება, რომელიც შეიცავს არსებითად ყალბ ფაქტს და აზიანებს პირის რეპუტაციას“. აქ გამოტოვებულია პუნქტი, რომ ასეთმა განცხადებამ უნდა „გამოიწვიოს ზიანი“, რათა ჩაითვალოს ცილისწამებად. ცვლილებები ტვირთავს მტკიცების ტვირთს მოსარჩელისგან მოპასუხეზე ან ბრალდებულ პირზე, რომელმაც ახლა თავი უნდა გაიმართლოს - რატომ არ იყო განცხადება ცილისმწამებლური. საკანონმდებლო ცვლილებები ასევე საშუალებას მისცემს მთავრობას, რეტროაქტიულად დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთა განცხადებებიც გაკეთებულია კანონპროექტის მიღებამდე 100 დღით ადრე.
იმავე დღეს, პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს ჟურნალისტების შესაძლებლობას, გააშუქონ სასამართლო შენობიდან. ეს ცვლილებები კრძალავს რეპორტაჟის გადაღებას სასამართლოს შენობებში, მათ შორის სასამართლო დარბაზებში, დერეფნებსა და ეზოებში. მათ ასევე გააუქმეს წინა წესები, რომლებიც იძლეოდა ჩაწერის საშუალებას სასამართლოს დერეფნებში და იცავდა ჟურნალისტების მოწყობილობების კონფისკაციისგან", - ნახსენებია ანგარიშში.
საქართველოს შესახებ ანგარიშში საუბარია საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ხაზგასმულია, რომ პირველი არხი უკვე წლებია "ქართული ოცნების" ინსტრუმენტის სახით ფუნქციონირებს.
თუმცა ასევე ნახსენებია, რომ ბოლო თვეებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო მდგომარეობა გაუარესდა. კერძოდ, საუბარია ცასილ ივანოვ ჩიკოვანსა და ნინო ზაუტაშვილზე, რომლებიც არხიდან მთავრობისა და არხის მენეჯმენტისადმი კრიტიკული პოზიცია გამოხატეს.
"2025 წლის პირველ ექვს თვეში, 36 ჟურნალისტი დაჯარიმდა, უმეტესობა „გზის გადაკეტვისთვის“ რეპორტაჟის დროს, ხოლო ექვსი ჟურნალისტი სოციალურ მედიაში ქართული ოცნების პოლიტიკოსების კრიტიკის გამო. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) დამოუკიდებლობის ნაკლებობა სერიოზულ პრობლემად რჩება. GPB დიდი ხანია ფუნქციონირებს როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ინსტრუმენტი, რაც ძირს უთხრის ჟურნალისტების ძალისხმევას, გააშუქონ პოლიტიკური კონტროლისგან თავისუფლად. ბოლო თვეებში, სიტუაცია გაუარესდა. ქართული ოცნების მიერ კონტროლირებადმა GPB-ის მენეჯმენტმა გაათავისუფლა ჟურნალისტები ვასილ ივანოვ ჩიკოვანი და ნინო ზაუტაშვილი მას შემდეგ, რაც მათ ისაუბრეს მაუწყებელში პოლიტიკური ჩარევის შესახებ, და შემდგომ გააუქმა ზაუტაშვილის თოქ-შოუ. იმავე მიზეზით, GPB-მ მოგვიანებით კიდევ ხუთი ჟურნალისტი გაათავისუფლა", - წერია ანგარიშში.
საქართველოს შესახებ ქვეთავის ბოლოს ხაზგასმითაა ნახსენები, რომ "ოცნების" რეჟიმი აგრძელებს სხვადასხვა ზომების გამოყენებას "რათა კიდევ უფრო შეავიწროვოს დამოუკიდებელი ხარისხიანი ჟურნალისტიკის სივრცე ქვეყანაში."
"იანვრის შემდეგ, ქართული ოცნების რეჟიმი აგრძელებს სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებას, მათ შორის შემზღუდველი კანონები, უკანონო პატიმრობა, ეკონომიკური დევნა, თვითნებური ჯარიმები და ცილისმწამებლური კამპანიები, რათა კიდევ უფრო შეავიწროვოს დამოუკიდებელი ხარისხიანი ჟურნალისტიკის სივრცე ქვეყანაში", - ნახსენებია ანგარიშში.