
დიმიტრი ცქიტიშვილი პარტია "გახარია საქართველოსთვის" ტოვებს.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, პარტიის სხვა წევრებთან აზრთა "ფუნდამენტური" სხვადასხვაობაა.
იგი წერს, რომ არსებულ ვითარებაში, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა "ვერ მოემსახურება ქვეყნის დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნებას."
"საჯაროდ განვაცხადო, რომ ჩემი და პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გზები გაიყო.
(პარტიას ოფიციალურად ვერ დავტოვებ, რადგანაც ფორმალურად წევრი არ ვყოფილვარ).
მიზეზი არის არა უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობა არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის თაობაზე, არამედ ფუნდამენტური განსხვავება არჩევნების საკითხთან დაკავშირებით.
4 ოქტომბრის არჩევნები ჩემთვის არ და ვერ იქნება ტაქტიკური, ეტაპობროვი საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ინსტიტუციური დემოკრატიული ბრძოლის მხარდამჭერი ვარ.
არსებულ ვითარებაში, ასეთი ფორმით და დინამიკით არჩევნებში მონაწილეობა ვერ მოემსახურება ქვეყნის დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნებას.
რამდენჯერმე საჯაროდ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: არჩევნებში მონაწილეობას აზრი ექნებოდა მხოლოდ პოლიტიკურ ძალთა კოორდინირებული მოქმედების შემთხვევაში, უსამართლო პოლიტიკურ ბრძოლაში რეჟიმის დამარცხების თუნდაც მცირე შანსით.
სამწუხაროდ, დღეს არსებული პოლიტიკური ძალების ფრაგმენტაცია ყველაზე არახელსაყრელი გზა არის საზოგადოების პროტესტის მხარდასაჭერად და რეჟიმის დასამარცხებლად", - წერს ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში.