პუტინსა და მაკრონს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

პუტინსა და მაკრონს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის თითქმის სამი წლის შემდეგ პირველად შედგა სატელეფონო საუბარი. კრემლისა და ელისეს სასახლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის დიალოგი ორი საათზე მეტხანს გაგრძელდა და ძირითადად უკრაინაში მიმდინარე ომს შეეხო.

კრემლის ცნობით, პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტი დასავლეთის პოლიტიკის შედეგია და კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსკოვის მოთხოვნები შესაძლო შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით – მათ შორის, უსაფრთხოების გარანტიებისა და კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის აუცილებლობა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ემანუელ მაკრონმა საუბრისას ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.

საუბრის გაგრძელება ლიდერებს მომავალშიც აქვთ დაგეგმილი. მათი წინა სატელეფონო კომუნიკაცია 2022 წლის სექტემბერში გაიმართა.