ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების საჭიროება არაა. ამის შესახებ მან სამხედრო კორესპონდენტებთან და ბლოგერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ მობილიზაციის არავითარი საჭიროება, რა თქმა უნდა, დღესდღეობით არაა", - თქვა პუტინმა.
პუტინმა შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა. მისი მტკიცებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინას რუსეთზე ათჯერ მეტი დანაკარგი აქვს. ამასთან, მან არ ახსენა დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების რაოდენობა, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის ძალებმა 54 ტანკი დაკარგა. მან უკრაინის დანაკარგი 160 ტანკითა და 360-ზე მეტი ჯავშანმანქანით შეაფასა. პუტინი ამტკიცებს, რომ ეს არის"დაახლოებით 25-30% იმ ტექნიკის მოცულობისა, რომელიც უცხოეთიდან იყო მიწოდებული".
დამოუკიდებელი წყაროები პუტინის რიცხვებს არ ადასტურებს - დადგენილია, რომ უკრაინამ შეტევის დროს ნამდვილად დაკარგა ათობით ერთეული ტექნიკა ისევე, როგორც რუსეთმა, თუმცა პუტინის მიერ დასახელებული რიცხვები არ მტკიცდება.